მესტიის გამგებელის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებას უშგულში ფილმ "დედეს" პროდიუსერი, ვლადიმერ კაჭარავა ეხმაურება.
"მგონი გვეშველა, ტრაქტორი გამოჩნდა და თოვლისგან იწმინდება გზა. ეს კი 10 დღის წინ უნდა მომხდარიყო. როგორც კი ჩამოვალთ თბილისში, ვაპირებთ პრესკონფერენციის ჩატარებას. მესტიის გამგებელის თქმით, ჩვენ ცრუ ინფორმაცია გავავრცელეთ და მან გამოგვიყვანა მატყუარებად. კითხვები გვაქვს, რა ევალება გამგებელს? ევალება თუ არა, რომ სოფელი არ იყოს მოწყვეტილი გარესამყაროს? გამგებელი ამბობს, რომ დევის უღელტეხილი ჩაკეტილია, ეს ყოველ წელს ხდება, უნიკალური ამბავი არ არის. ტრაქტორი უნდა იყოს გამართული და დროულად უნდა გვარდებოდეს ის პრობლემები, რაც ხალხს ეხება"– თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ კაჭარავამ.
"დედეს"გადამღები ჯგუფის რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი ამბობს: "ცა და ქვეყანა შევაწუხეთ, ეხლა ძლივს დაიწყეს მუშაობა. წამლები კიდევ მესაზღვრეებმა მოიტანეს. რვა დღის წინ ჩამოწვა ზვავი და ამის მომსწრე მთელი უშგულია." – გვწერს მარიამ ხაჭვანი.
"არაფერი ჭირს "დედეს" გადამღებ ჯგუფს, სახლში უნდათ წასვლა და ამისთვის ყველაფერი არ უნდა მოიგონონ. გვშია, გვწყურიაო, წამლები არ გვაქვსო. მე პირადად გავაგზავნე მათთან მედიკამენტები, ასევე მათ წამლები მესაზღვრეებმაც მიუტანეს. გადამღებ ჯგუფს არც წამლის, არც საკვების და არც სითბოს პრობლემა არ აქვს, ისინი უშგულში ყველაზე კარგ სასტუმროში არიან დაბინავებულები. სასტუმროს მეპატრონესთან პერმანენტული კავშირი გვაქვს.
პრობლემა შეიქმნა ე.წ. დევისნაშენის მონაკვეთზე, სადაც ყველაზე ვიწრო და რთული გზაა, რის გამოც ტექნიკას გადაადგილება და გაწმენდითი სამუშაოების განხორციელება უჭირს. გარდა ამისა, 9 ადგილზე იყო ზვავი ჩამოწოლილი და სამუშაოები ამანაც გაართულა. ამ დროისთვის გასაწმენდია 4 კილომეტრიანი მონაკვეთი და თუ დამატებით ზვავი არსად ჩამოწვა, გზის გახსნა და შესაბამისად, გადამღები ჯგუფის ჩამოყვანა დღის ბოლომდე მოხდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ევროპის ყველაზე მაღალმთიან სოფელზე, სადაც საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტზე მეტი თოვლია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ზვავსაშიში მონაკვეთებია, ჩვენ ერთი წუთით არ გავჩერებულვართ. ახლაც აქ ვიმყოფები და გზას ინტენსიურად ვწმენდთ ," – აცხადებს მესტიის გამგებელი.