ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის ვირუსის მართვის სპეციალური რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა, არ დაუშვან გრიპის სიმპტომების მქონე პირები, როგორც სასწავლო, ისე სამუშაო გარემოში და მკაცრად დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. ამ დრომდე, დედაქალაქის ყველა რაიონში მოქმედებს საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრები, სადაც სამედიცინო მომსახურება ერთი კვირის განმავლობაში 5070 პაციენტს გაეწია.
დღეიდან სასწავლო პროცესი აღდგა ყველა იმ სკოლაში, სადაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიხედვით სწავლა შეჩერებული იყო. თუმცა რეკომენდაცია ძალაში რჩება და იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს გადააჭარბებს, სასწავლო პროცესი სამი დღით უნდა შეჩერდეს.
ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულად, ე.წ. "ღორის გრიპით" საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი.