სამაშველო ოპერაცია განახორციელდა დღეს საქართველო თურქეთის საზღვარზე მაჭახლის ხეობაში, სადაც 89 წლის ავადმყოფი მაჭახლის ხეობიდან ჯერ ბათუმში ჩამოიყვანეს, შემდეგ კი რიზეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავადმყოფი მაჭახლის ხეობის იმ სოფლებიდან ერთ-ერთში ცხოვრობს, რომელიც თურქეთის შემადგენლობაში მოექცა და დიდთოვლობის გამო ამ დროისათვის გარესამყაროს მოწყვეტილია.
ორ ქვეყანას შორის კი, პროტოკოლური შეთანხმება არსებობს, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საზღვრის იქეთ მცხოვრებ ადამიანებს საქართველოდან, მაჭახლის ხეობაში არსებული შემოვლითი გზით სარგებლობის უფლება მიეცემათ. თურქეთის შემადგენლობაში მყოფი მაჭახლის ხეობის სოფლები გარესამყაროს, დიდთოვლობის დროს, დაახლოებით, ხუთი თვით წყდება, რადგანაც ერთადერთი გზა, რომელიც ქალაქ ბორჩხასთან დაკავშირებთ რთულ მთიან ადგილებზე გადის.