საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.02.2016 წლის გადაწყვეტილებით მურთაზ აბაშიძე აღდგენილი იქნა ოზურგეთის სტადიონის დირექტორის თანამდებობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მურთაზ აბაშიძე, "გურია ნიუსთან" საუბრის დროს, ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ა. (ა) ი.პ. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის დირექტორი მურთაზ აბაშიძე 2014 წლის 1 დეკემბერს ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გაათავისუფლა. მოგვიანებით, სასამართლომ ის დაკავებულ პოზიციაზე აღადგინა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა შარაძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის მერია კომენტარს უზენაესი სასამრთლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გააკეთებს.
მურთაზ აბაშიძის ინტერესებს სასამართლო პროცესებზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ოზურგეთის ოფისის იურისტები იცავდნენ.