იაკუტიელმა კინომოყვარულებმა ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავის ლეონარდო დი კაპრიოს „სახალხო ოსკარით“ დაჯილდოება გადაწყვიტეს და ჯილდოს დასამზადებლად თანხას აგროვებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კულტურის და ხელოვნების არქტიკული სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგის ტატიანა ეგოროვას თქმით, ეს აქცია სახალხო გახლავთ და სტატუის დასამზადებლად თანხის შეგროვება უკვე დაწყებულია.
„სტატუის დასამზადებლად თანხის შეგროვება ახლახან დავიწყეთ. ესკიზი ამჟამად დამუშავების პროცესშია და მის შესაქმნელად საჭირო თანხის დაანგარიშება ჯერ არ მომხდარა. სავარაუდოდ მის დასამზადებლად 100 ათას რუბლამდე იქნება საჭირო. სტატუის დასამზადებლად უკვე ბევრი ქალბატონი აბარებს ვერცხლს“ – განაცხადა ეგოროვამ.
იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ლეონარდო დი კაპრიო ამერიკის კინოაკადემიისგან „ოსკარს“, იაკუტიელი კინომოყვარულები მის დაჯილდოებას მაინც გეგმავენ.
ლეონარდო დი კაპრიო „ოქროს გლობუსის“ 3 -გზის გამარჯვებული და „ოსკარის“ 6-გზის ნომინანტია. საყოველთაო აღიარების მიუხედავად, ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა „ოსკარის“ მიღება დღემდე ვერ მოახერხა. კიდევ ერთი შანსი დი კაპრიოს 28 თებერვალს მიეცემა, სადაც „The Revenant“-ში განსახიერებული ჰიუ გლასის როლის წყალობით, „მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის“ დაწესებული „ოსკარისთვის“ იბძოლებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved