ქალაქ ოზურგეთში ორ სხვადასხვა ადგილზე, ქართველი მწერლის ეგნატე ნინოშვილის და ქართველი კომპოზიტორის ვიქტორ დოლიძის ბიუსტები იდგა. 2006 წელს გურულებისთვის განსაკუთრებულად საამაყო ადამიანების ბიუსტები მოიპარეს.
მიუხედავად იმისა, რომ მოპარვიდან 8 წელი გავიდა, არცერთი მათგანი დღემდე არ არის აღდგენილი. ამ ქურდობამდე, ქართველი ფოლკლორისტისა და ქორეოგრაფის გიორგი სალუქვაძის ბიუსტი მოიპარეს, რომლის აღდგენაც წლების წინ მოხერხდა.
ქალაქ ოზურგეთის მერმა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს თქვა, რომ ეგნატე ნინოშვილის და ვიქტორ დოლიძის ბიუსტების აღდგენაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, წელს აუცილებლად დაიდგმება ახალი ბიუსტები.
"იქ, სადაც ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი იყო, ბიუსტის აღდგენასთან ერთად იგეგმება სკვერის გაკეთება და ეს წელსაა დაგეგმილი,"– გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიუსტები 2006 წელს მოიპარეს და საქმე გახსნილია. საქმე აღძრული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 177 და 257 მუხლით, რაც გულისხმობს ქურდობას და ძეგლის განზრახ დაზიანებას. ბრინჯაოს ბიუსტების გაქურდვაზე ერთი პირი დააკავეს. პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ ორივე ბიუსტი დაზიანებული იყო.