ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ. სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ უკვე მზადდება და რამდენიმე დღეში სასამართლოში შევა.
საოლქო კომისიების წარმომადგენლების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ კონკურსი ვაკანტურ თანამდებობებზე ისე ჩაატარა, რომ პოსტებს "ქართული ოცნების" აქტივისტები დაიკავებენ. თუმცა, ცესკოში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად წარსულში მათი პოლიტიკური აქტივობისა, კონკურსით შერჩეულებს მმართველ პარტიასთან კავშირი ვერ ექნებათ.
ამასთანავე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ მათ არავინ გაუთავისუფლებიათ და კონკურსი იმ თანამდებობებზე გამოცხადდა, რომელზეც მოქმედ წევრებს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურათ.
ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ამ გზით ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.
ამ ბრალდებებს მმართველი გუნდი "პოლიტიკურ სპეკულაციას" უწოდებს და ირწმუნება, რომ პოლიტიკური ნიშნით კადრების შერჩევა ცესკოში აღარ ხდება.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით, რომლის მოთხოვნაა საოლქო კომისიების პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 182 საოლქო კომისიის წევრიდან 74 პოლიტიკურად აქტიური და კონკრეტული პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დანიშნა, _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის უმცირესობის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში, საოლქო კომისიები აირჩევენ თავმჯდომარეებს და მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები დაინიშნებიან.
"სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა ცესკო ზრუნავდეს მომავალი არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზე, დღეს ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას.
საოლქო კომისიების ნეიტრალიტეტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ეს კომისიები განიხილავენ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებს.
ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, არასამთავრობო სექტორმა ცესკო-ს მიაწოდა კონკრეტული ფაქტები ამ პირების პოლიტიკური კავშრების/კუთვნილების შესახებ.
მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს შემადგენლობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია მხოლოდ პარტიული წევრების მიერ და ცალსახაა, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და სხვა კონკურსის წესით არჩეული და ნეიტრალიტეტის ვალდებულების მქონე წევრების მონაწილეობით და მითითებით განხორციელდა", _ აღნიშნა ბოკუჩავამ.
უმცირესობის დეპუტატმა დღეს იმ კანდიდატების ვინაობაც დაასახელა, რომლებიც უახლოეს დღეებში, საოლქო კომისიები თავმჯდომარეებად აირჩევენ.
"ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მთელ რიგ ოლქებში თავმჯდომარეებად დაინიშნებიან სწორედ პარტიული კუთვნილების მქონე ადამიანები. მაგალითად:
თელავში, დღეს ჩატარდება სხდომა, სადაც აირჩევენ გიორგი კალმახელიძეს, რომელიც არის თელავის მერის პლატონ (პაატა) კალმახელიძის ბიძაშვილი.
საყურადღებოა, რომ ეს პიროვნება საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში საოლქო კომისიის წევრად არჩევის დროს, იგი იყო საბერძნეთში და დღეს საგანგებოდ ჩამოაფრინეს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად;
ასევე უახლოეს დღეებში, აირჩევენ ლანჩხუთის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, ლალი კიკაბიძეს, რომელიც 2013-2014 წლების არჩევნებზე ამავე საოლქო კომისიაში იყო დანიშნული პარტიიდან "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";
სამტრედიაში აირჩევენ ნინო ვაშაკიძეს, გამგებლის მოადგილის შვილს, რომელიც ასევე ქართული ოცნების აქტივისტია; ხობში აირჩევენ დათუნა ჯობავას, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია;
სენაკში აირჩევენ ცოტნე შუშანიას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის კახა რუსიას მეგობარი და ქართული ოცნების აქტივისტია", _ აღნიშნა ბოკუჩავამ.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად პარტიული ნიშნით დანიშვნის შესახებ ინფორმაცია აქვთ კომისიების ყოფილ წევრებსაც. როგორც ისინი აცხადებენ, არ იციან რატომ არ მოხდა მათი თავიდან არჩევა.
სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახობაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობას 10 წლის განმავლობაში იკავებდა, თუმცა აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნია.
"ჩემს კანდიდატურას ცესკოს პარტიულმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. ეს არის კონკრეტული მიზეზი, რის გამოც გამათავისუფლეს. ხმის მიცემის ოქმებში ასეა დაფიქსირებული. 10 წლის განმავლობაში ვმუშაობდი ამ თანამდებობაზე და უცებ გაჩნდა პრობლემა. ეს ტერიტორიული ორგანო მუდმივმოქმედად 2006 წელს ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მოვყვებით ამ სამსახურს. არავის ადგილებზე ჩვენ არ მივსულვართ", _ აღნიშნავს ახობაძე.
მისივე თქმით, ახლადარჩეული წევრები და კანდიდატები პარტიული ნიშნით შეარჩიეს, თუმცა, ვალდებულებისა რომ ცესკოს ეს შეემოწმებინა, არ შეუმოწმებიათ ვის ირჩევნდნენ.
"პირდაპირი მოთხოვნაა, რომ თვითონ კანდიდატი პარტიული არ უნდა იყოს, არჩეულ წევრზეც არ არის აქ საუბარი. ცესკოს ამ შემთხვევაში საბუთებიც კი არ უნდა მიეღო. თუ ვინმეს CV-ში არ ეწერა, მაგრამ იყო ამაზე ინფორმაცია, რომ პარტიის წევრი იყო, ეს უნდა მოეკვლიათ", _ ამბობს ახობაძე.
ნინო დათუნაშვილი, რომელსაც ახობაძის მსგავსად მოუხდა საოლქო საარჩევნო კომისიის დატოვება, აღნიშნავს, რომ გათავისუფლებები 2015 წლიან დაიწყო.
"ეტაპობრივად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება. მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გამათავისუფლეს. 2015 წლის აგვისტოში პროფკავშირი ჩამოვაყალიბეთ. მას შემდეგ ვცდილობთ, დავსვათ პროფკავბშირთან სასაუბროს ცენტრალური სააღცევნო კომისია, მაგრამ თავს გვარიდებენ. ზეწოლასაც ჰქონდა ადგილი თვეების მანძილზე. არაფერს ითვალისწინებენ რასაც ვუგზავნით. ჩვენ წერილობით მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ კონკურსანტებს შორის პარტიული კავშირების მქონე ადამიანები იყვნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს. ბოლომდე ვაპირებთ ვიბრძლოთ, ვამზადებთ სარჩელს და უახლოეს დღეებში სასამართლოს მივმართავთ.
გვყავდა 10 წლის გამოცდილების კადრები, რომლებსაც ერთი საყვედურიც კი არ ჰქონდათ მიღებული, პირიქით, მადლობის სიგელებს და ჯილდოებს იღებდნენ, თუმცა, ასეთი ადამიანებიც ცესკოს გარეთ დარჩნენ. არადა, სწორედ ამ ადამიანების მუშაობით ამაყობდა ცესკო 2012 წლის არჩევნების მოგებას", _ აღნიშნავს დათუნაშვილი და და დასძენს, რომ სასამართლოში სარჩელი პირველ ეტაპზე, პროფკავშირების სახელით შევა.
მისივე ინფორმაციით, 182 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, ძველი კადრებიდან მხოლოდ 55 აირჩიეს თავიდან. 127 კი, ახალი წევრია.
"ამ 127-ს შორის, 74-ზე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ პარტიული ნიშნით აირჩიეს. ისინი სხვადასხვა პარტიებში არიან ნამუშევარი. უმრავლესობა კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები არიან. გარდა ამისა, არის ნეპოტიზმის ფაქტებიც", _ აღნიშნა დათუნაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე ამბობს, რომ ცესკოდან არავინ გაუთავისუფლებიათ და ამ ადამიანებს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა ამოეწურათ.
"საოლქო საარჩევნო კომისიაში 380 მუდმივმოქმედ წევრიდან, რომლებიც კანონის მიხედვით, აირჩევიან 5-წლიანი ვადით უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 193-ს, ამიტომ ამ პოზიციებზე ვაკანსიები იყო გამოცხადებული. არჩეულია 182 ადამიანი, რომელთაგან 55 საოლქო საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ, თუმცა ცესკომ ისინი 5-წლიანი ვადით ხელახლა აირჩია", _ აღნიშნა მიქელაძემ.
"რაც შეეხება 74 პირს, რომელთა დაკავშირებითაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ხდება აპელირება, ეს ადამიანები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა არჩევნებზე იყვენ ენ წარდგენილები პოლიტიკური პარტიებიდან საარჩევნო ადმინისტრაციებში, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე საუბნო სარჩევნო კომისიებში. ისინი იყვნენ საარჩევნო მოხელეები", – განაცხადა მიქელაძემ და დასძინა:
"ვინაიდან, კანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც არის საარჩევნო მოხელე და საარჩევნო ადმინისტრატორი, ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით. ის არ ატარებს მისი დამნიშნავი სუბიექტის ინტერესებს. ამას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ არცერთი საჩივარი მათ მიკერძოებულობასთან ან მუშაობასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ ყოფილა წარდგენილი შესაბამის საარჩევნო სამინისტრაციაში. არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მათი მიკერძოებულობის შესახებ", _ აღნიშნა მიქელაძემ.
გარდა ამისა, ცესკოში აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებს, რომლების არჩევაც ხელახლა არ მოხადა, უწყებისთვის არ მიუმართავთ.
"მათ არ მოუმართავთ ცესკოსთვის და არ უთხოვიათ შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. თუკი ისინი მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკო იმსჯელებს ამ საკითხზე და მიაწოდებს შესაბამის პასუხს, შეძლებენ თუ არა ისინი შეხვედრას.
ამასთანავე, არცერთი საჩივარი სასამართლოში ჯერჯერობით შეტანილი არ არის. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მათ ორი დღის ვადაში ჰქონდათ. მათ გეგმებთან დაკავშირებით ცესკო ინფორმაციას არ ფლობს", _ უთხრა "გურია ნიუსს" მიქელაძემ.







































































