იანვრის ბოლოს ლანჩხუთში მოსულმა უხვმა თოვლმა ბევრ ოჯახს შეუქმნა პრობლემა, ზოგი კი საერთოდ საცხოვრებლის გარეშე დატოვა. "გურია ნიუსი" უკვე წერდა წყალწმინდაში მცხოვრებ სვეტლანა იმნაძეზე, რომელის სახლსაც თოვლმა სახურავი ჩამოუნგრია. ის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნიკა იმნაძის დაა, მარტოხელა დედაა და ამჟამად უმუშევარი.
დღეს დაზარალებული კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდა და გვთხოვა, შესაძლებლობების ფარგლებში დავხმარებოდით.
"იანვარში მოსულმა დიდმა თოვლმა სახლის სახურავი ჩამოანგრია და შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახადა.სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ამ შემთხვევიდან თითქმის ერთი თვეა გასული, მაგრამ ჩემი მდგომარეობა კვლავაც უცვლელი რჩება, თავს მეზობლებთან ვაფარებ. ჩემმა ძმამ ქვეყნის ერთიანობას შეწირა სიცოცხლე და მგონია, რომ სირცხვილია აფხაზეთის გმირის სახლი ასეთ მდგომარეობაში იყოს.
უმუშევარი ვარ, არ მაქვს არანაირი შემოსავალი. თავი ხომ უნდა ვირჩინო რამეთი? ან შვილს რა ვუყო, ამაზე ფიქრობს ვინმე? სოციალურ სააგენტოში შევიტანე განცხადება, მაგრამ მაღალი სარეიტინგო ქულა მომანიჭეს და პასუხიც მოვიდა, არ გეკუთვნის დახმარებაო. არც საპენსიო ასაკის ვარ.
ლაჩხუთის გამგეობიდან იყვნენ მოსულები, სურათები გადაუღეს სახლს და მითხრეს, რომ თბილისიდან ჩამოსულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს თქვენი საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ გაგიწევთ დახმარებასო. მაგრამ დრო გადის, მე კი კვლავ მეზობლებთან ვცხოვრობ."
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის ნინო მშვიდობაძის განმარტებით, დაზარალებულმა სვეტლანა იმნაძემ უკვე წარმოადგინა ლანჩხუთის გამგეობაში სრულყოფილი საბუთები.
"როგორც გავარკვიე, საბუთები უკვე წარმოუდგენია, აქვს შუამდგომლობაც გამგებლის წარმომადგენლისაგან, რომ სახლი ნამდვილად დაზიანებულია და საჭიროებს დახმარებას. ინფორმაცია და სახლის ფოტოსურათი გადაგზავნილია გუბერნიაში.
თუმცა როცა გამგებელს შეხვდა ეს ქალბატონი მიღებაზე, ზაზა ურუშაძე დახმარებას დაპირდა სახლზეც და უთხრა, რომ ძმის საფლავის შეკეთებაზეც დაეხმარებოდა."-აღნიშნა ნინო მშვიდობაძემ.
"გურია ნიუსი" კვლავაც გააგრძელებს ამ პრობლემაზე წერას, სანამ დაზარალებულისთვის კონკრეტული შედეგი არ დადგება.
ამავე თემაზე: თოვლმა სახლის სახურავი ჩამოანგრია





































































