არასამთავრობო ორგანიზაციები ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას ეხმაურებიან და პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს.
"ჩვენი აზრით, აღნიშნული ინიციატივა პოპულისტურ სვლას წარმოადგენს, რომელიც მეტწილად წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს გააღრმავებს.
მიმდინარე წლის 9 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ოჯახი განისაზღვრება როგორც ქალისა და კაცის ერთობა.
ასევე, 8 თებერვალს, მოძრაობა "ეროვნულების" წარმომადგენლის, სანდრო ბრეგვაძის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინიც პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორების პროექტის შეტანას გეგმავენ. მისი თქმით, შესწორების არსი ის არის, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
2015 წლის ივნისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა, რომ "იგი, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაიწეროს."
მნიშვნელოვანია, რომ ლგბტ თემისა და ორგანიზაციების მიერ ქორწინების თანასწორობის საკითხი საქართველოს სამართლებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში არასდროს ყოფილა დაყენებული. სახელმწიფოში არსებული ინსტიტუციონალური ჰომოფობიის პირობებში, ლგბტ პირები განდევნილნი არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან დისკრიმინაციისა და სისტემური ძალადობის მსხვერპლნი, რაც მათ ხელს უშლით ისარგებლონ მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული ძირეული უფლებებით. ამ პირობებში, ქორწინების უფლება საქართველოში მცხოვრები ლგბტ ადამიანების უმეტესობისთვის ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. შესაბამისად, ეს საკითხი არც ლგბტ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების დღის წესრიგში დგას.
იმგვარ პირობებში, როდესაც საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო არ მოიცავს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობების სამართლებრივად აღჭურვის შესაძლებლობებს, მათ შორის პარტნიორულ ურთიერთობებს, აღნიშნული ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად, უნდა შეფასდეს, როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობა. ცალსახაა, რომ აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება არა ოჯახებზე ზრუნვას, არამეთ მიზანმიმართულია ლგბტ პირების უფლებათა არაღიარებასა და ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორული ურთიერთობების დაცვის აკრძალვისკენ. მაშინ როდესაც ევროპული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტ ოჯახების სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარების კუთხით, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტ პირთა მიმართ."-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.





































































