ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ვახტანგ კირთაძე დაგვიკავშირდა და დახმარება გვთხოვა. როგორც კირთაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, სოფელ მაკვანეთში სერიოზული პრობლემა დგას ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ყოველ თვეში სამჯერ ან ოთხჯერ უმიზეზოდ ირთვება ელექტრონერგია. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას არავინ ცდილობს:
"დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამ-ოთხჯერ ითიშება დენი მაკვანეთში. მოვიძიე ინფორმაცია და გავარკვიე, რომ რომ ძველი კაბელები წყდება წვიმის, ქარის და თოვლის გამო. ახალი წლის პერიოდში, დენი 29 დეკემბერს რომ ჩაქრა, 5 იანვარს მოვიდა. გამოვიდნენ ტელევიზიით ხელისუფლების წარმომადგენლები და განაცხადეს, რომ შუქის პრობლემა მაკვანეთში მოგვარებულიაო, ამ დროს ,სინამდვილეში არ იყო დენი.
არავინ პატრონი არ გვყავს! დაგვეხმარეთ რა, თქვენ ჟურნალისტები იმიტომ ხართ, რომ ხალხს მიეხმაროთ პრობლემების დაძლევაში. ჩვენი არ ესმით და იქნებ თქვნს გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მაინც მიაქციონ ყურდაღება. აბსოლუტურად ყველასთან დავრეკე, არავის ადამიანები და მათი პრობლემები არ აინტერესებს. მე მაკვანეთის ერთ-ერთი მკვიდრი ვარ და მაწუხებს ეს პრობლემა, ამავე დროს მიცვალებული გვყავს უბანში,"_ამბობს ვახტანგ კირთაძე.
"დღეს, დილის 6 საათზე ამოვარდა ქარი და გაითიშა შუქი. დავრეკე "ენერგო პრო ჯორჯიაში" და მითხრეს, გეგმიური სამუშაო მიმდინარეობს და საღამოს 6 საათზე იქნება დენიო. აქეთ მეკითხებიან, გვითხარით სად არის ჩაწყვეტილი ხაზიო?! მე ვეუბნები, დამაწყებინეთ თქვენთან მუშაობა და გეტყვით, სად არის გაწყვეტილი-თქო. ეს არ უნდა იცოდნენ? ასეთი პრობლემები ხშირადაა. ვიხდით დენის გადასახადს, დენი მიდის უმიზეზოდ, არის თუ არა ეს მართებული? ვიხდი ინტერნეტის გადასახდს და ვერ მოვიხმარ უშუქობის გამო. რომელი კომპანია იწყებს დილის 6 საათზე გეგმიურ სამუშაოს?
თუ შეიძლება დაგვეხმარეთ! ასე მეუბნებიან, თუ რამე პრეტენზია გაქვთ, მიმართეთ სასამართლოსო. ხომ უნდა აგოს ამაზე ვიღაცამ პასუხი? " _ ამბობს ვახტანგ კირთაძე.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა "ენერგო პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელს გია ნაკაიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ წუთებში სოფელ მაკვანეთში შუქი არის, გათიშულია მხოლოდ ერთი პატარა უბანი, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და დაახლოებით ერთ საათში მათ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.

































































