ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში მცხოვრები ზაზა ივანოვი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს:
_ სტიქიამ სახლი დამინგრია. ერთხელ მოვიდნენ, სურათები გადაიღეს და მას შემდეგ არავინ შემხმიანებია. სახლი მთლიანად დაშლილია, იქ ცხოვრება წარმოუდგენელია. აღარ ვიცი, ვის მივმართო. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ _ მხოლოდ მედიის იმედი დამრჩა, _ აღნიშნა ივანოვმა "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრისას.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, რომ ივანოვს სახლის შესაძენად თანხები გამოყოფილი ჰქონდა, თუმცა, ვადებში ვერ ჩაეტია:
_ ზაზა ივანოვს რამდენიმე წლის წინ დაენგრა სტიქიის შედეგად სახლი. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილი იქნა მასალები და ივანოვი მოხვდა განსახლების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა 20 ათასი ლარის ღირებულების სახლის შეძენას. აღნიშნულმა პიროვნებამ პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში ვერ შეძლო შესასყიდი სახლის შერჩევა, ისე როგორც ეს მოახერხა აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე 6 ოჯახმა _ მათთვის სამინისტრომ გასულ წელს სახლები შეიძინა. წელს ისევ გავაგრძელებთ კომუნიკაციას აღნიშნულ სამინისტროსთან ზაზა ივანოვისთვის სახლის შეძენასთან დაკავშირებით, _ გვითხრა სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნუკრი დუმბაძემ.