თხილის ფასის კლება, ზაფხულის სეზონის შემდეგ, ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ათიოდე დღის წინ ფასმა აიწია, დღეისთვის გურიაში თხილის ფასი კვლავ დაეცა. 4 მარტს ოზურგეთში ერთი კილოგრამი "ბერძნულა" 4 ლარი ღირდა, ერთი კილოგრამი "გულშიშველა" კი _ 3 ლარი.
"რა ვქნა? პურის ფული აღარ მაქვს და სიმწრით გადანახულ თხილს 3 ლარად ვაბარებ", _ გვითხრა ქალბატონმა, რომელიც თხილის მიმღებ პუნქტთან იდგა.
ყველა, ვინც თხილის მიმღებ პუნქტებში მუშაობს, დღეისთვის ამბობს, რომ ფასი უფრო და უფრო ეცემა და გასულ კვირაში 5 ლარად მიღებული თხილის წამღები არავინაა.
"რა გვეშველება, არ ვიცით, ნახეთ, ტომრებით გავსებულია ოთახი. ხალხმა გაჭირვებისთვის გადანახული თხილი გამოიტანა და ჩაგვაბარა. ჩვენ კი, რაც გადავიხადეთ, იმასაც ვერ ვიღებთ, უფრო გაუფასურდა, " _ამბობენ ისინი.