ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი გაიხსნა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით, ახალ დარბაზში დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N2, N4 საჯარო სკოლებისა და ქალაქში მოქმედი ორი სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა სპორტის ხუთ სახეობაში "მხიარული სტარტები" გამართეს.
აღნიშნული ღონისძიება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრას ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
"მოხარული ვარ, რომ დღეს შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა, სადაც სკოლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ საინტერესო ღონისძიებები მოაწყონ. მადლობას ვუხდი მამა მათეს თავდაუზოგავი მოღვაწეობისათვის. ის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს და არა მხოლოდ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლაში. ჩვენი მხრიდან ამ სკოლას ყოველთვის ექნება მხარდაჭერა" – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
სკოლის დირექციამ "მხიარული სტარტების" მონაწილეებს საჩუქრად წიგნები და საკანცელარიო ნივთები გადასცა.
(R)