თურქეთის ქალაქ სტამბოლში შაბათს მომხდარი აფეთქების შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების მიზნით ქალაქებში 200 000-ზე მეტი სამართალდამცველია მობილიზებული.
EURONEWS-ის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით ფერენბახჩესა და გალათასარაის შორის მატჩი გაუქმდა,ხოლო სტადიონი ორი საათის განმავლობაში ევაკუირებული იყო.
ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ტერორისტებს არ დანებდება.
"თურქეთი ტერორისტებს არასოდეს დანებდება. ჩვენ, ჩვენი ერთობით დავამარცხებთ ტერორისტულ ორგანიზაციებს,"_ განაცხადა ერდოღანმა.
როგორც ცნობილია, შაბათს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ხალხმრავალ ადგილას აიფეთქა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.