დღეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ირაკლი ხელაძე ლანჩხუთში იმყოფებოდა და იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ბიზნესინიციატივების კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმარ ქალბატონს, ნ.ტ- ს ოჯახში ესტუმრა, რომლის ბიზნესიდეაც მესაქონლეობის გაფართოებას უკავშირდებოდა. საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ ქალბატონმა ნ.ტ-მ ორი ათასი ლარი მიიღო, რითაც ორი ძროხა შეიძინა.
"სოფელში ვცხოვრობ და შესაბამისად სოფლის მეურნეობას ვეწევი. დიდი სურვილი მქონდა საკუთარი მეურნეობა გამეფართოებინა, გადავწყვიტე ბიზნესიდეის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და გავიმარჯვე კიდეც. დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინაც მე და ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ყოფილ პატიმრებს დახმარება გაგვიწია," -გვითხრა ყოფილმა პატიმარმა.
ირაკლი ხელაძემ ადგილზე მოინახულა ბენეფიციარის მეურნეობა და მისი შემდგომი საქმიანობითაც დაინტერესდა.
ბატონი ირაკლის თქმით, სულ 2013-2016 წლების ჩათვლით იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა და პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება, რითაც მეტ ყოფილ პატიმარს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი ბიზნესიდეა განახორციელოს.
"დანაშაულის პრევენციის ცენტრის მთავარი პრიორიტეტია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ძირითადი აქცენტი კეთდება ყოფილ პატიმართა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის მოგვარებაზე, ასევე პროფესიულ გადამზადებასა და შემდგომ დასაქმებაზე. პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს ყოფილი პატიმრის სრულფასოვან მოქალაქედ დაბრუნება და საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან,"-დასძინა ირაკლი ხელაძემ.