თბილისში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს.
"იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია ჩვენს სამეზობლოში, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნატო– საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეეესკალაცია.
სახალხო დიპლომატიის ფორუმის გახსნით საქართველოში ნატო–ს კვირეული დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო, ნატო–ს ვარშავის სამიტის ფარგლებში, მკაფიო გზავნილს ელოდება.
"ჩვენი მხრივ, ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა და ნატო–საქართველოს ურთიერთობები გავხადოთ შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან კავშირების გამყარებას და ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს იმით, რომ მონაწილეობს ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და ნატო–ს მისიებში. ნატო–სთან დაახლოების მიმართულებით ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით,"- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოს სწრაფვა ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. მისივე თქმით, დღეს მსოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას, რაც ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას.
ნატო–ს სახალხო დიპლომატიის ფორუმს თბილისი პირველად მასპინძლობს. ფორუმის მონაწილეები სახალხო დიპლომატიისა და კომუნიკაციის სფეროში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და გამოწვევებს განიხილავენ.