7 აპრილს , ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საჯარო კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ : მარიამ თუთბერიძე, ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული კოორდინატორი, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი; თამარ ნადიბაიძე, ანალიტიკოსი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); მარიამ თავდგირიძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; მიხეილ დარჩიაშვილი, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (USAID/GGI) უფროსი მრჩეველი სახელმწიფო მართვის საკითხებში.
შეხვედრა მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება. გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.
საქართველო, მსოფლიოს 69 სახელმწიფოსთან ერთად ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. ინიციატივის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადგენენ ორწლიან სამოქმედო გეგმას, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველომ დაასრულა მე-2 სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია 2015 წლის ბოლოს და ამჟამად მუშაობს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში დამტკიცება მთავრობის დადგენილებით და გაიგზავნება ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოში,
ვინაიდან პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია: ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს. საჯარო კონსულტაციების სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.
აღნიშნულ შეხვედრას საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონსულტაციები საქართველოს მასშტაბით 29 მარტიდან 27 მაისამდე გაგრძელდება.