დღეს ქობულეთში გურია-აჭარის დამაკავშირებელი გზა გადაკეტილი იყო. აქციის მონაწილეები 22 თებერვალს ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ.
მოკლული ნორა რომანაძის ოჯახის წევრების თქმით, ამ დრომდე არ არის მათთვის ცნობილი, რა მოხდა სინამდვილეში.
"მოვითხოვთ, რომ გამოიძიონ ჩემი შვილების მკვლელობის საქმე. ვისი მიზეზით და დაკვეთით მოხდა ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. არ ვიცი რა მოხდა სინამდვილეში და ათ დღეს ვაძლევ სამართალდამცავებს. თუ არ მოხდება სამართლიანი გამოძიება გავაგრძელებთ გზის გადაკეტვას და აქციებს." – თქვა გარდაცვლილის ოჯახის წევრმა, ნათელა ბერაძემ.
აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.
"როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ოჯახმა მიიღო პირობა, რომ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მიიღებდნენ პასუხს, რა მოხდა ფონიჭალაში, მაგრამ დღემდე არაფერი არ არის ცნობილი. მოვითხოვთ, რომ ამ საქმე მიექცეს სათანადო ყურადღება. ფაქტიურად დაუსჯელები არიან ის პირები, რომლებმაც ეს საძაგელი მკვლელობა ჩაიდინეს."- თქვა თამაზ ბაკურიძემ.
მისივე თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია და თუ ოჯახის წევრები არ მიიღებენ სათანადო ინფორმაციას, აქციები გაგრძელდება და უფრო ფართომასშტაბიანი იქნება.
მკითხველს შევახსენებთ, რომ 22 თებერვალს ფონიჭალაში დედა-შვილი მოკლული იპოვეს სახლში. დედას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო 3 წლის მცირეწლოვანი დამწვარი საძინებელში იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში "გურია ნიუსს" განუცხადეს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური-ოპერატიული საგამომძიებო მოქმედებები.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ,"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
შენიშვნა: ფოტოები გადაიღო სოფო ჟღენტმა.