გურიის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის მარკოზის თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მარწყვის ესპანური ჯიშის "სან ანდრეასის" მოყვანა დაიწყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთში მცხოვრები გურამ კალანდაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ეს საქმე მამა მარკოზთან ერთად დაიწყო.
"სასათბურე პირობებში ეს პირველად ხდება ოზურგეთში. ადრე მქონდა სათბური, სადაც მიხაკები გვქონდა გაშენებული, შემდეგ კიტრისა და პომიდორის ბიზნესი წამოვიწყვეთ.
ახლა მარწყვის მოყვანით ვართ დაკავებული, ლალი გოგინავამ გაგვიწია კონსულტაციები და მოგვცა რჩევები. ამ ეტაპზე ესპანური ჯიშის (სან ანდრეასი) მარწყვი მოგვყავს," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს გურამ კალანდაძემ.
არქიმანდრიტ მარკოზის თქმით, ოზურგეთში მოყვანილი მარწყვით უკვე დაინტერესდნენ ადგილობრივები.
"ეს საქმე წამოვიწყეთ იმისთვის, რომ მარწყვის რეალიზაციით მიღებული თანხით მოხდეს უდაბნოს მონასტრის განვითარება," – გვითხრა არქიმანდრიტმა მარკოზმა.