სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენელი თენგიზ კალანდაძე გადაცემა "განსხვავებული აზრის" სტუმრობის დროს თხილის ფასის ვარდნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მეწარმეები მცირე ათწლიანი სტატისტიკით უნდა სარგებლობდნენ.
"შეცდომა დაუშვეს თვით მეწარმეებმა, ჩვენმა მეწარმეებმა იმოქმედეს ძალიან მოკლევადიანი პერიოდით, მათ აიღეს წინა წელი, როდესაც საკმაოდ ძვირი ღირდა თხილი, დაეყრდნენ მხოლოდ ამ ინფორმაციას და ჩათვალეს რომ წელსაც ძვირი ეღირებოდა. მათ უნდა აეღოთ სულ მცირე ათწლიანი სტატისტიკა და ამ სტატისტიკით ეხელმძღვანელად" – აღნიშნა თენგიზ კალანდაძემ გადაცემაში სტუმრობის დროს.
გადაცემის წამყვანის, ნათია კუპრაშვილის კითხვაზე, აქვს თუ არა სამინისტროს ეს სტატისტიკა გამოქვეყნებული კალანდაძე პასუხობს, რომ არა.
"მე როგორც ვიცი, ეს სტატისტიკა არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე აუცილებლად მიეწოდება დაინტერესებულ პირს"- თქვა თენგიზ კალანდაძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო დროს გურიაში თხილის ფასი ყოველდღე მერყეობს. დღევანდელი ინფორმაციით, ერთი კილოგრამი "ბერძნულა"– 4 ლარი და 50 თეთრი ღირს, ხოლო ერთი კილოგრამი "გულშიშველა" – 3 ლარი და 50 თეთრი.