ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის წარმომადგენელს ლანდრასის ჯიშის გოჭები გადაეცა. პროექტის მიზანია, ფერმერებმა ადგილზე მოახდინონ სელექციური მუშაობა და ერთი წლის შემდეგ ერთი გოჭი უკან დაუბრუნონა (ა)იპ ფერმერული განვითარების ცენტრს, რათა მომდევნო წლებში ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდეს ანალოგიური ქმედება და ამით ხელი შეეწყოს მეღორეობის დარგის აღდგენას და განვითარებას ჩვენში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ხელმძღვანელის გიგა ხარაბაძის ინფორმაციით, ამ სიახლეს მიაღწიეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და "კავკასიის გენეტიკას" შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ვეტექიმ-სელექციონერის თამაზ კილაძის მიერ აქ პირველად მოხდა ლანდრასის ჯიშის ღორის ხელოვნური დანერგვა. გაცილებით ადრე დედა ღორები შეიძინეს, გაზარდეს რვა გოჭი და დამოუკიდებელი კვების დაწყების შემდეგ გადასცეს წარმატებულ ფერმერებს. შედგა შეთანხმება, რომ ერთი წლის შემდეგ, ნამატიდან ერთ გოჭს ფერმერი უკან დაუბრუნებს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრს.
აღსანიშნავია, რომ ამ ინოვაციამ მოსახლეობა გაახარა. უმეტესად საუბრობენ, რომ ჩვენში ღორის ჭირის შემდეგ, პირველად შეიქმნა პრეცედენტი, რომ მეცხოველეობის შეუცვლელი დარგი _ მეღორეობა კვლავ საფუძვლიანად აღდგეს.