მოსახლეობის 2014 წლის აღწერისას, გაეროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაკვირვების ერთეულს ,,შინამეურნეობა" წარმოადგენდა. შინამეურნეობა არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით. შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისგანაც.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში აღიწერა 1 109,0 ათასი კერძო შინამეურნეობა. კერძო შინა მეურნეობებში მუდმივად მცხოვრებთა რიცხვმა 3 702,1 ათასი კაცი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 99,7 პროცენტი შეადგინა. მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი (0,3 პროცენტი) ინსტიტუციურ დაწესებულებებში (მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებში, ხანდაზმულთა სახლებში, მონასტრებში და სხვ.) ცხოვრობს.
კერძო შინამეურნეობათა რაოდენობა 2002 წლის აღწერასთან შედარებით შემცირებულია 10,8 პროცენტით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კერძო შინამეურნეობის წევრთა საშუალო რაოდენობა წინა აღწერასთან შედარებით შემცირდა 0,2 ერთეულით და 3,3 კაცი შეადგინა.
კერძო შინამეურნეობების წევრთა საშუალო რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი მაჩვენებელი აღინიშნა აჭარის ა.რ.-ში (4,0 კაცი), ქვემო ქართლში (3,7 კაცი) და სამცხე-ჯავახეთში (3,6 კაცი). წევრთა საშუალო რაოდენობის მიხედვით ყველაზე მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (2,5 კაცი).