პარლამენტარი ლუკა კურტანიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის ინტერვიუს "ფეისბუქით" ეხმაურება.
"შოკირებული ვარ, გაცოფებული ვარ ვინმე კოღუაშვილის განცხადებით. კი არ უნდა წავიდეს, გაეთრეს დროზე "ქართული ოცნებიდან.'ყველა ჭრილობა, სისხლის, სიკვდილის რაც ერთან ერთად გამოვიარე განმიახლდა. ასეთი ადამიანები ერისკაცის შექმნილ იდეაში და მითუმეტეს მის სიახლოვეს ვერ იქნება. სიმწირის ცრემლები მახრჩობს, დავით კოღუაშვილო!!!" – წერს ლუკა კურტანიძე.
"მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა, ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე, რომ თავიანთი საქმეების გამო დევნილები გახდნენ." – თქვა დავით კოღუაშვილმა "ქართული გაზეთის" ჟურნალისტთან საუბრის დროს.