სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, ხურჩაში გიგა ოთხოზურიას მკვლელობის ფაქტს "საშინელსა" და "სისხლის სამართლის უდიდეს დანაშაულს უწოდებს", თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარება არ არის და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იყოს „ერთადერთი მკვლელობის ფაქტი“.
პაატა ზაქარეიშვილმა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკა ეჭვქვეშ პირველად დააყენა.
მინისტრმა ზაქარეიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პასუხს არა რუსეთისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოითხოვს.
„სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც აქამდე ხორციელდებოდა.
თუმცა, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მოვითხოვთ, რაც შეილება მკაცრად დაისაჯოს ის ადამიანი. არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია, არანაირი ჩართულობა ჩვენს კონფლიქტებში, რომ ეს თემა არ გახდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განხილვის თემა. რუსეთისგან რას უნდა მოველოდეთ, რუსეთი რას დასჯის.
საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ, რომ იყოს ამაზე ძალიან სერიოზულად გამახვილებული ყურადღება. ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა და ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.