საქართველოს საკრებულოს შუალედური არჩევნები "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცხრა რაიონიდან ორში მოიგო. აღნიშნულ ინფორმაციას VESTNIKKAVKAZA საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში და სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში გამარჯვება მოიპოვა.
როგორც ცნობილია, არჩევნების დროს ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, გიგა ბოკერია, ნიკა მელია და თენგიზ გუნავა სცემეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ კონფლიქტი "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ დაგეგმა, თუმცა, " ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ დაპირისპირება ოპოზიციის მიერ იყო პროვოცირებული.
როგორც "საქართველოს ექსპერტთა კლუბის" წევრმა, ვახტანგ მაისაიამ VESTNIKKAVKAZA-სთან საუბრისას აღნიშნა, ქალაქის საბჭოს შუალედური არჩევნების საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია.
ექსპერტის განმარტებით, შუალედურ არჩვენებში სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ასევე ბურჯანაძის კოალიციას "დემოკრატიულ საქართველოს" მონაწილეობა არ მიუღიათ.
"მათ "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების კარგი შანსი აქვთ. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები არ შეიძლება იყოს საზოგადოებრივი განწყობის მაჩვენებელი,"_განაცხადა მაისაიამ.
მისი პროგნოზით, შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს ამომრჩეველთა 9-10% დაუჭერს.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" შედიან ყოფილი მმართველი პარტიის წევრები, რომლებმაც უამრავი სარგებელი მიიღეს და ახლა ძველი დროის დაბრუნებას ცდილობენ.
"ის ადამიანები, ვისი ახლობლები და მეგობრები მუშაობენ მთავრობასა და უმაღლეს სტრუქტურებში და მათგან კარგი ცხოვრების გარანტიას იღებენ "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს დაუჭერენ არჩევნებში,"_ განაცხადა მაისაიამ.



































































