ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე გუშინ ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"გუშინდელმა შუალედურმა არჩევნებმა ქალაქ ოზურგეთში მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, სხვანაირად ჩვენს ქალაქს არც შეეფერებოდა. ჩვენ გავიმარჯვეთ და მივიღეთ ის შედეგი, რომელშიც დარწმუნებული ვიყავი.
მადლობა ჩემს ქალაქს, ჩემს მოსახლეობას, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა.
ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ წელიწადისა და შვიდი თვის მანძილზე, რაც ჩემი გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ქალაქში გაკეთდა, ოზურგეთელები ობიექტურად შეაფასებდნენ, რაც არჩევნების შედეგმა ნათლად დაადასტურა.
დევიზს, არ მოვატყუო საზოგადოება და მოქალაქეებთან სრულიად გულწრფელი ვიყო, მტკიცედ ვიცავ. ამიტომაც დარწმუნებულები იყავით, პროგრესული წინსვლა ქალაქ ოზურგეთში, კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.
ოპონენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად მათი პროვოკაციული მიდგომებისა, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ახორციელებდნენ, იმედი გაუცრუვდათ. გუშინდელმა დღემ ნათლად აჩვენა, სად მთავრდება მათი შესაძლებლობების ზღვარი.
ჩემო ოზურგეთელებო, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, მე, ქალაქ ოზურგეთის მერია და საკრებულო კვლავაც თქვენს სამსახურში ვართ და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლისთვის კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ.
ვასო ჩიგოგიძეს ვულოცავ ამ დამაჯერებელ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა საკრებულოში ნაყოფიერ შედეგს გამოიღებს.
კიდევ ერთხელ ჩემი გულწრფელი მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამოგვიცხადა", _ აღნიშნულია სიორიძის განცხადებაში.
(R)



































































