გამოსაშვები გამოცდები უკვე დასრულდა. ჯერჯერობით ჩაჭრილების ზუსტი ციფრი უცნობია, თუმცა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა, გასული წლის მონაცემებზე მეტია.
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრობლემული მათემატიკისა და ინგლისურის გამოცდა აღმოჩნდა _ სწორედ ამ საგნებში ჩაიჭრა ყველა მეტი მოსწავლე.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, ჩოხატაურელმა მოსწავლეებმა გურიის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აჩვენეს:
_ მე მაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც გურიაში და არა მარტო გურიაში ლიდერები ვართ. თუმცა, ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დამკვირვებელმა მომაწოდა.
ამიტომ, წინასწარ თავის ქებას არ დავიწყებთ. დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ხვალ გახდება ცნობილი და დეტალებზე შემდეგ ვისაუბროთ, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას სიხარულიძემ.
მისივე თქმით ყველაზე მეტი მოსწავლე მათემატიკის გამოცდაზე ჩაიჭრა:
_ თუმცა, მათი რიცხვი მაღალი არ არის. საერთო ჯამში ცუდი შედეგი ჩვენს სკოლებს არა აქვს, _ დასძინა სიხარულიძემ.