საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელების სამხედრო ფიცი საქართველოს პრეზიდენტმა, სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.
უმაღლესმა მთავარსარდალმა დამოუკიდებლობის დღე ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს ხალხს და ემიგრანტებს მიულოცა.
"თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე, მე მინდა, მივულოცო, ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს. მე მინდა ეს დღე მივულოცო საქართველოს მილიონობით მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს.
მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს.უპირველესად, მინდა მივულოცო ჩვენს თანამებრძოლებს–საქართველოს
მინდა მივულოცო ჩვენს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ, თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენ საერთო – საქართველოს დამოუკიდებლობის იდეალებს.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ მშვენიერი დღისათვის. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ, შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს და მომავალ ჩვენს გამარჯვებებს.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ, ჩვენი თანამებრძოლები, მთელ ერთან ერთად, როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.
25 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.
თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების მიერ შექმნილი თავისუფალი საზოგადოება.
თავისუფალი ადამიანი არა მარტო თავად არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს ცემს სხვათა თავისუფლებასაც.
ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ ჩვენ!
ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელშიც დაცულია თითოეული ადამიანის თავისუფლება. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები.
სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი, დამოუკიდებლობის 25-ე წელი, მე „ევროპული სახელმწიფოს“ წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა, ჩვენ სახელმწიფოებრიობაში სწორედ ამ წელს უნდა გადავიტანოთ.
წელს ჩვენ კიდევ გადავდგამთ მტკიცე ნაბიჯებს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე.
დღეს, აქ თქვენთან ვდგევარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით. იმ გამარჯვებებს, რომლებსაც ჩვენ მივაღწევთ, როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" _ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.