თბილისის ზღვაზე, ე.წ. "ოლიმპიურ სოფელში" და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში 159 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, 159 დევნილი ოჯახის სია და შესაბამისი ქულები სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge დღეს გამოქვეყნდება.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მაისს, 09:00 საათზე, პროფესიული კავშირების შენობაში, ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართება. 159 ბინიდან, 57-ერთოთახიანია, 64-ოროთახიანი, 33-სამოთახიანი და 5-ოთხოთახიანი.
მათივე ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე 6 ნგრევადი ობიექტი დაიხურება. სულ საქართველოს მასშტაბით 44 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის 17 ობიექტი თბილისში.
ამ დრომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა 561 დევნილ ოჯახს.
2016 წელს "ოლიმპიურ სოფელში" და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.