სიღნაღის თეატრის გასტროლი და ლივერპულის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობა 6 თანამშრომლის კანადაში დარჩენით დასრულდა. დასი ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გაემგზავრა.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი აცხადებს, სიღნაღის თეატრი, რომელსაც 16-23 მაისს ფესტივალში მონაწილეობის მიღება სურდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, აკონსულო მომსახურებასა და სამივლინებო ხარჯებისთვის 11 ათას ლარამდე გადაერიცხა.
"ფესტივალზე წარმატებით გამოვიდნენ და სამი პრიზიც აიღეს, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 6 თანამშრომელმა, რომელთა შორის არიან სამი მსახიობი, მხატვარი, რადისტი და მომღერალი, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და კანადაში სამუშაოდ დარჩა", – აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.
სიღნაღის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მურად ვაშაკიძე კი განმარტავს, რომ დასს ვიზები ნოემბრის ჩათვლით აქვს და ამიტომ, თეატრის თანამშრომლებს, რომლებიც კანადაში დარჩნენ, სავიზო რეჟიმი არ დაურღვევიათ.
,,ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ამან ჩვენი დასის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედა. სპექტაკლზე დასასწრებად კანადაში მცხოვრები ქართველები მოვიდნენ და დასის წევრები სავარაუდოდ მათ გადაიბირეს. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ვიზები ჩვენ 15 ნოემბრადე გვაქვს და მათ აქვთ უფლება, ეს დრო, სადაც უნდათ, იქ გაატარონ", – აცხადებს მურად ვაშაკიძე.
მისივე თქმით, დასი მუშაობას არ შეწყვეტს და ახალი კადრებით დაკომპლექტდება.
სიღნაღის თეატრს სპექტაკლისთვის ,,მოხეტიალე დასი“ ლივერპულის სართაშორისო ფესტივალზე 3 პრიზი, მაყურებლის რჩეულ ნომინაციაში, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო დადგმისთვის მიენიჭა.