"ბევრი მოსამართლის პირადი პრობლემა ვიცი, რა უხარია და რა სწყინთ ის ვიცი. ერთად გადაგვიტანია ბევრი რამ. ზუსტად ეს განაპირობებს ერთად დგომას", _ ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლეთა კორპუსის მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ მათთან ერთად ბევრი პრობლემა დაძლია; ყველა მათგანის ოჯახური მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ იცის.
"დაიარეთ და კითხეთ მოსამართლეებს, რატომ მიჭერენ მხარს, ეს არ იმალება. მე მაქვს პიროვნული, ადამიანური დამოკიდებულება ყველა მოსამართლესთან. ჩემი მუშაობის 10 წლის განმავლობაში არავის უგრძვნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყავი, ზემოდან არავისთვის დამიხედია. ყველას ოჯახის წევრები ვიცი, შვილები ვიცი, ვინ რას აკეთებს და რომელ სკოლაში დადის; ყველასთან მეგობრული და ადამიანური ურთიერთობა მაქვს. ბევრი მოსამართლის პირადი პრობლემა ვიცი, რა უხარია, რა სწყინთ ის ვიცი. ერთად გადაგვიტანია ბევრი რაღაც. ზუსტად ეს განაპირობებს ერთად დგომას და ის იდეა, რომ სასამართლო არ უნდა ილანძღებოდეს, მოსამართლეების დისციპლინური დევნა სპეციალურად არ უნდა ხდებოდეს, თორემ დისციპლინური საკითხის დაყენების წინააღმდეგი არავინ არ არის.
ამ თემების გარშემო სასამართლო კორპუსი გაერთიანდა, უბრალოდ, ორგანიზება მე გავაკეთე, რადგან ბევრ მოსამართლესთან პირადი, პიროვნული დამოკიდებულება მაქვს. როგორც გითხარით, ოჯახის წევრებსაც კი ვიცნობ, ყველას სახელი და გვარი ვიცი. ამიტომ აქ კლანურ მმართველობაზე კი არ არის საუბარი, ეს არის წმინდა პიროვნული, ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ჩემსა და სასამართლო კორპუსს შორის არის ჩამოყალიბებული.
თორემ რაში მაწყობდა ეს? პენსია დავკარგე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 10 წელზე 6 თვე დამაკლდა. ამდენი ლანძღვა-გინება გადავიტანე; მომავალშიც რა პერსპექტივა იქნება, რომ სამსახური ვიშოვო? – არავითარი. მაგრამ როცა 204-მა მოსამართლემ ხმა მომცა, მაშინ დავპირდი, რომ მათ გვერდით ვიდგებოდი ბოლომდე და ასეც იქნება“, _ აღნიშნა მურუსიძემ ინტერვიუში.
რას ფიქრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, რატომ წყდება გული თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე, რატომ მოქმედებს შეთანხმებულად თეა წულუკიანთან და ნინო გვენეტაძესთან, _ ამ და სხვა საკითხებზე, ლევან მურუსიძის პოზიციას "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.