ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობაში ბევრი წევრი "ხათრით არის შერჩენილი".
ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"მოთმინება უნდა ვიქონიოთ. მე არ ვითხოვ იმას, რომ მთავრობას დაველოდოთ და ვაპატიოთ. არაფერი უნდა ვაპატიოთ თუ შეცდომები აქვს, ოღონდ სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ", _ აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ძალიან რთულია დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრო ადამიანს, რომელიც ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრობს.
"მაგრამ, ეს კვირიკაშვილს ხომ არ უნდა მივაწეროთ ან დღევანდელ მთავრობას დავაბრალოთ და დავუწყოთ მას ჭიდაობა? – ვისაც არ მოეწყინება დღეს, ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მთავრობის ძალიან ბევრი წევრი ხათრით არის იქ შერჩენილი, რომ იცოდეთ და მხოლოდ იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს. წინა ხელისუფლებას რომ მოეგო არჩევნები, დღეს იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. იმ მოდელით რომ გაგრძელებულიყო მმართველობა, დღეს პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვეღარ გადაუხდიდნენ საჯარო მოხელეებს – ამაზე შემიძლია ვესაუბრო სპეციალისტებს რამდენიც გინდათ", _ განაცხადა ივანიშვილმა.