ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახლადშექმნილ ფრაქციას _ "ქალები პოლიტიკაში", რომლის შემადგენლობაშიც იმთავითვე გაერთიანდა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი სამი დეპუტატი ქალბატონი: ნონა მურვანიძე _ "დემოკრატიული საქართველოდან", "ეროვნულ ფორუმში" ახლად გაწევრიანებული ელისო ჭიჭინაძე და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი დარეჯან ბურჭულაძე, სახელწოდების შეცვლა მოუწია. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ფრაქციაში გაწევრიანების სურვილი გაუჩნდა "პატრიოტთა ალიანსის" კიდევ ერთ წევრს _ დეპუტატ ომარ გოგიჩაიშვილს.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე ჯერ კიდევ ფრაქციის შექმნა-არშექმნაზე მსჯელობისას, მიუთითებდა კოლეგა ქალბატონებს, რომ სახელწოდება "ქალები პოლიტიკაში" გარკვეული დისკრიმინაციის ელემენტების შემცველი იყო და მათ სხვა სახელის შერჩევას ურჩევდა:
"ეს სახელი დისკრიმინაციულია, რადგან საკრებულოში "პატრიოტთა ალიანსიდან" ბატონი ომარ გოგიჩაიშვილიც ბრძანდება. რატომ გაწირეთ ეს კაცი სამუდამო მარტოობისთვის?!" _ აღნიშნავდა ბიწაძე.
ქალბატონებმა საბოლოო გადაწყვეტილებით ერთხმად დაუჭირეს მხარი ფრაქციისთვის სახელის შეცვლად და საკუთარ რიგებში მამაკაცი დაიმატეს ომარ გოგიჩაიშვილის სახით.
"შესაბამისად, ადგილი რომ არ ჰქონოდა დისკრიმინაციის ნიშნებს, ფრაქციის სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით _ "მეტი ქალი პოლიტიკაში", _ ასეთია ფრაქციის წევრთა პოზიცია სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.