"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდ "ქართუს" განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხაში არის.
ფონდის პრესსამსახურის უფროსის გიორგი უძილაურის თქმით, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, როდის მოხდება თეატრში სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
"ამჟამად არაა მიმდინარეთა სიაში. ოზურგეთის თეატრი არის პერსპექტიული პროექტების ნუსხაში" – უპასუხა "გურია ნიუსის" კითხვას გიორგი უძილაურმა.
ინფორმაციისთვის, 2013 წლის 17 ოქტომბერს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ მალე ფონდი "ქართუ" შენობის სრულ რეაბილიტაციას დაიწყებდა.
"2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფონდ "ქართუს" წარმომადგენლები ოზურგეთის თეატრს ესტუმრნენ.
ჩემი აზრით, თეატრის დაარსების დღიდან სულ რამდენიმე ვიზიტი თუ იქნება ასეთი მნიშვნელობის: სტუმრებმა შენობა საძირკვლიდან სახურავამდე შეისწავლეს და შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყება!“ – ასეთი სახის ინფორმაცია თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.