გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ზაალ მამალაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
გურიის რეგიონისთვის მიმდინარე წელი ინფრასტრუქტურის მოგვარების კუთხით განსაკუთრებულია.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდითა და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი ინტენსიურად მიმდინარეობს. კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში წესრიგდება როგორც დაბაში არსებული, ისე სასოფლო დანიშნულების გზები, ხდება ქუჩების მოასფალტება, ხიდების შეკეთება, რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლს, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა. დასრულდა ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას მშენებლობა; მიმდინარეობს ჯვარცხმის კულტურის სახლის რეაბილიტაცია და ხიდისთავის საბავშვო ბაღის მშენებლობა; დასრულდა დაბის ექვსი ქუჩის მოასფალტება. უახლოეს მომავალში დაიწყება სოფელ ხიდისთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის მშენებლობა, რაც საკმაოდ მოცულობითი და მასშტაბური პროექტია,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ. დღესვე გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნაბეღლავში ‘’წყალი მარგებელის’’ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა.
"წყალი მარგებელი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შვეიცარელ და ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად უალკოჰოლო სასმელების ჩამოსასხმელ ქარხანას აშენებს. პროექტი, ხორციელდება ნაწილობრივ EBRD-ის საკრედიტო ხაზის დაფინანსებით. მისი პირველი ეტაპის ღირებულება არის 32 000 000 EUR. პროექტში მონაწილეობას იღებენ გერმანული Krones, ავსტრიული Rauch და შვედური Tetra Pak კომპანიები. არსებული ქარხნის 4,000 m2 ფართობს დაემატება მშენებარე 16,000 m2 შენობა, სადაც განთავსებული იქნება უახლესი ტექნოლოგიების შესაბამისი 7 საწარმოო ჩამოსასხმელი ხაზი, რომელიც საშუალებას იძლევა აწარმოოს არამარტო არსებული ბრენდები „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“, არამედ 100% ნატურალური წვენები სხვადასხვა შეფუთვაში (მუყაოს, პეტის, შუშის და ალუმინის სხვადასხვა ფორმატები), ნექტარები, ცივი ყავა, ცივი ჩაი, ლიმონათები და სხვა პროდუქტები. აშენდება გადაღვრილი წყლის ბიოლოგიური გადამამუშავებელი სადგური. აღსანიშნავია, ისიც რომ ახალი ქარხნის შენობების გაგრილება-გათბობისა და ვენტილაციის სისტემებისთვის და აგრეთვე ტექნოლოგიური მიზნებისათვის გამოყენებული იქნება არატრადიციული განახლებადი ენერგია, რაც ეკოლოგიურს გახდის წარმოებას. ქარხნის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.
(R)