დღეს საფრანგეთში მიმდინარე ევროპის პირველობაზე მერვედფინალური შეხვედრები დაიწყება. დღის ერთ-ერთ მთავარ დაპირისპირებად პორტუგალიისა და ხორვატიის მატჩი მიიჩნევა.
ამ შეხვედრის წინ ESPN-ის ჟურნალისტი ლეგენდარულ არგენტინელ მოთამაშე დიეგო მარადონას შეხვდა.
არგენტინელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა პორტუგალიის ეროვნული გუნდის რიგებში კრიშტიანო რონალდო გამოარჩია. მარადონას აზრით, თუ რონალდო "აიწყვიტავს", პორტუგალიელთა შეჩერება რთული იქნება და ეს გუნდი ევროპის პირველობის ფინალშიც იასპარეზებს.
"პორტუგალიის ნაკრები კრიშტიანო რონალდოზეა დამოკიდებული. თუ მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ჩინებულ სპორტულ ფორმაში იმყოფება, მისი თანამემამულეები მწვანე მინდორზე ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ამარცხებენ.
მიმდინარე პირველობა კრისტიანომ სუსტად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ფორმა სრულად აკრიფა და უნგრეთთან მატჩში შესანიშნავად იასპარეზა.
ხორვატიის ნაკრებთან პორტუგალიელთა წარმატება რონალდოს თამაშზეა დამოკიდებული. პორტუგალიელებს სუსტი დაცვის ხაზი გააჩნიათ. ეს სათამაშო დეფექტი წინა ხაზის დამაჯერებელმა თამაშმა უნდა გამოასწოროს. თუ რონალდო მოინდომებს, თანამემამულეებს ფინალურ მატჩამდე მარტო მიიყვანს", – განაცხადა დიეგო მარადონამ.