"ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ვაჟა ლელუაშვილს 3-წლიანი პატიმრობა, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.
"ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებული შოთა ხიზანიშვილი განაჩენის გამოცხადებისთანავე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, დანარჩენი ორი ბრალდებული – ვაჟა ლილუაშვილი და ლევან ქარდავა სხვა საქმეებთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფებიან.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.
საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე "ქართული ოცნების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.