სააგენტო "Reuters"-ის ცნობით, გუშინწინ არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში "უჩვეულო" სპორტული მიტინგი გაიმართა. ამ ღონისძიებაზე თავმოყრილი არგენტინელები ლეო მესის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვდნენ.
მიმდინარე წლის 29 ივნისს ბუენოს-აირესში კატალონიური "ბარსელონას" 29 წლის თავდამსხმელის ქანდაკება გაიხსნა. მომიტინგეები ამ ადგილას შეიკრიბნენ.
ლეო მესის თაყვანისმცემლებს თან არაერთი ბანერი და პლაკატი გააჩნდათ. მიტინგის ნსვლელობისას მესის საპატივცემულოდ რამდენიმე მუსიკალური კომპოზიციაც შესრულდა.
ღონისძიების დასასრულს მიტინგის მონაწილეებმა მესის სახელზე პეტიცია შეადგინეს და სახელგანთქმულ თანამემამულეს ეროვნულ გუნდში დაბრუნება სთხოვეს.
ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებში გამოსვლაზე უარი სამხრეთ ამერიკის პირველობის ფინალურ შეხვედრაში ჩილეს ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ განაცხადა.
ლეო მესი არგენტინის ეროვნულ გუნდში 2005 წლიდან ასპარეზობს. მის რიგებში 113 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე 55 გატანილი ბურთი მიითვალა.
Reuters