ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის მოსახლეობის ნაწილმა გაზიფიკაციის სამუშაოების მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართა. უფრო მეტიც, მათ რამდენჯერმე საავტომობილო გზაც გადაკეტეს და ხელისუფლებას დაპირების შესრულება მოსთხოვეს.
"გურია ნიუსთან" საუბრისას, კომპანია "სოკარის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ანტონ სამსონაძემ, გასული წლის ბოლოს პირობა დადო, რომ გორაბერეჟოულის გაზიფიცირება 2016 წელს აუცილებლად დაიწყებოდა. მანვე ჩვენთან საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რომლის გამოც, სოფელში გაზიფიცირების დასრულება 2015 წელს ვერ მოხერხდა და აღნიშნა, რომ ეს მთავრობასთან შეთახმებით მოხდა, რადგან გასული წლის პრიორიტეტად საზღვრისპირა სოფლები ჩაითვალა.
გადამოწმებისას გაირკვა, რომ სამსონაძის დადებული პირობა შესრულებულია _ გორაბერეჟოულში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გვითხრა, მთელი სოფლის გაზიფიცირება წლის ბოლომდე დასრულებული იქნება.
კუჭავას თქმით, გაზიფიცირების სამუშაოები სოფელ ხიდისთავშიც დაიწყო.