რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე „ზოგიერთ უმსგავსობაზე“ ღია წერილს აქვეყნებს, სადაც ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს და რეჟისორ გოგი ქავთარაძეს აკრიტიკებს.
„ხანდახან დამიწერია რაღაც და უცბათ პრესის ფურცლებზე მინახავს, ახლა კი ნებას ვაძლევ პრესას გამოაქვეყნოს.
ოზურგეთიდან მივიღე მოსაწვევი ბარათი _ მეპატიჟებიან ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე. ასეთია რეპერტუარი(ჩამონათვალი სპექტაკლების): მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან: ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის" მე ვხედავ მზეს"; შაუმიანის თეატრიდან: "საბრალდებო დასკვნა ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის; ბათუმის თეატრი:" თეთრი ბაირაღები" _ რეჟისორი გოგი ქავთარაძე, მხატვარი ბიძინა ქავთარაძე, მუსიკალური გაფორმება გოგი ქავთარაძე _ მეტი არაფერი.
თურმე, პიესა ციდან გადმოვარდა. ასევე ვერსია ნ. გაჩავასი: "ნუ გეშინია დედა; „მზიანი ღამე“ და "ღმერთო ! რისთვის" გადაღებული სცენარი ნ.დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის. ასეთი თავხედობა ჯერ არ გამიგონია.
ახლა მე ვეკითხები მათ _ როდის აიღეს ნებართვა ნოდარ დუმბაძისგან?
და ბოლოს ჩემო ვასიკო ჩიგოგიძე _ "გამარჯობა ხალხო" ეს ხომ კარასტილოვის პიესაა ანუ "ფიროსმანი". მე ბებია ილიკო და ილარიონი სათაური არ მოგეწონა? თუ რისი მიღწევა გინდათ არ ვიცი", _ წერს კიკნაძეს.
ამავე წერილში, რომელიც მსახიობის ფეისბუქის გვერდზეა გამოქვეყნებული ქეთევან კიკნაძეს გოგი ქავთარაძესაც მიმართავს და აღნიშნა, რომ მისი მეუღლის და ნოდარ დუმბაძისადმი „ასეთ მოპყრობაზე თვლას ვერ დახუჭავს“:
_ გოგი ქავთარაძემ გიგას მთელი რეპერტუარი გადააბრუნა, მისი გონება შორს ვერ მიდის. დადგმული, გაგონილი და გაშიფრული გქონდა და მაინც ვერაფერს მიაღწიე. შენ გიგა ლორთქიფანიძეს თავმჯდომარედ კი არა ფეხმჯდომარედ უნდა დაესვი. შენ კაცობა ის გგონია თუ ყველა ქალაქში "ბოვშს" გააკეთებ. არა შენ ნაშიერს კიდეც უნდა მოუარო.
ოთხი წელი პარლამენტში ვეღარ გამოიძინე? _ ან ვისი ავტორიტეტით მოხვდი მანდ იმაზე გაამახვილე ყური.
შევარცხვინე ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთი უმსგავსობებია და უმსგავსოთა კოლეგიალობაა. საკუთარ წყენას მალე ვივიწყებ, მაგრამ ჩემი მეუღლისადმი და თუნდაც, ნოდარისადმი ასეთ მოპყრობაზე თვალი რომ დავხუჭო ჯერ მე რა ადამიანი ვიქნები, _ წერს ქეთევან კიკნაძე.
მსახიობის ამ მიმართვაზე კომენტარს არ აკეთებს რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე. ოზურგეთის სამხატვრო ხელმძღვანელი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს ეს გოგი ლორთქიფანიძის ოჯახსა და გოგი ქავთარაძეს შორის დაპირისპირებაა, რომელშიც არ ჩაერევა:
_ იმდენად დიდ პატივს ვცემ ბატონი გიგას ხსოვნას, იმდენად დიდი და საოცარი იყო ჩემთვის, იმდენად დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ქეთევანს ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არის რაღაც დაპირისპირება ბატონ გიგისა და მათ ურთიერთობებში და ამ საკითხებზე მე ვერ ვისაუბრებ, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.
_ ბატონო ვასილ, ღია წერილში თქვენც გწერთ ქეთევან კიკნაძე და აღნიშნავს, რომ "გამარჯობა ხალხო" კარასტილოვის პიესაა…
_ ვაი, ვაი, ვაი… გასაგებია. იმდენად მოსწონდა გამარჯობა ხალხო ბატონ გიგას, რომ მას ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლად მიიჩნევდა. გამარჯობათ ხალხო იყო ბატონი გიგას ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი და მისი რეკომენდაციით ამ სპექტაკლმა მოიარა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, უნგრეთი, მოსკოვი და ა.შ.
რაც შეეხება დანარჩენს _ ეს სხვა ურთიერთობებია, რომელიც ნამდვილად არ ეხება ოზურგეთის თეატრს, არც ფესტივალს და იმდენად კარგად და ისეთ ხასიათზე ვარ, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ., _ გვითხრა ჩიგოგიძემ.
ჩვენ შევეცადეთ გოგი ქავთარაძის პოზიციაც გაგვეგო ქეთევან კიკნაძის წერილთან დაკავშირებით, თუმცა რეჟისორმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.