ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ჟურნალისტებმა ახლო წარსულში ცნობილი კალათბურთელი შაკილ ო’ნილი გაიხსენეს. შაკი ყოველთვის არაორდინალური საქციელით გამოირჩეოდა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ „უსიამოვნებებში“ თავს ხშირად ყოფდა.
ამერიკულ მასმედიაში შაკილ ო’ნილის ბიოგრაფიის ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტები გამოქვეყნდა.
ამერიკაში ცნობილ პროფესიონალ სკეიტბორდისტსა და შოუ "სულელების" ვარსკვლავს, 1,23 მეტრი სიმაღლის ჯეისონ აკუნას, რომელსაც მეტსახელად „მშარდველ ბიჭუნას” უწოდებენ, 140-კილოგრამიანი შაკილ ონილი ზურგზე დაახტა და კინაღამ მოკლა.
კომპიუტერული თამაში "შაკ ფუ" ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი თამაში. მრავალი გეიმერის თქმით, აღნიშნული თამაში იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც, არათუ კომპიუტერში, საერთოდ უნდა დაივიწყოს კაცობრიობამ. თამაში 1994 წელს გამოვიდა. მოთამაშე შაკილ ონილის კომპიუტერულ ვერსიას მართავდა და მოქალაქეებს ბოროტი მუმიისგან იცავდა.
თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შაკილს მოედანზე და მოედანს მიღმა არაერთი ცნობილი ადამიანისთვის უკოცნია. მათ შორის იყვნენ რესტლერ კრის ჯერიკო და ათეულობით რეპორტიორი და ქომაგი, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი კოცნა შაკილმა 2007 წლის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის დასრულების შემდეგ „განახორციელა“, როდესაც, ყველასთვის მოულოდნელად, ტრეისი მაკგრეიდს ტუჩებში აკოცა. თავისი ქცევა შაკმა მეგობრისა და კოლეგის მიმართ პატივისცემით ახსნა, ხოლო ტრეისიმ აღნიშნა, რომ შაკის ქცევით შოკირებული იყო.
კარიერის განმავლობაში შაკილ ონილს არაერთხელ გაუტეხავს საკალათბურთო ფარი, როდესაც მთელი თავისი მასით კალათს ეკიდებოდა. საინტერესოა, რომ რამდენიმე მოტეხილი ფარის შემდეგ NBA-ს ხელმძღვანელობა ფარების უსაფრთხოებასა და გამაგრებაზე დაფიქრდა. სხვათა შორის, პირველი ფარი შაკმა წინასადრაფტო ვარჯიშზე მოტეხა, როდესაც 1992 წელს იგი პირველ ნომრად „ორლანდო მეჯიქმა” აირჩია. „პირველი ფარის გატეხვის შემდეგ, მე ვიცოდი, რომ უდიადესი მოთამაშე გავხდებოდი”, განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ონილმა
მას შემდეგ, რაც ონილი ბოსტონში გადავიდა სათამაშოდ, იგი მასაჩუსეტსის შტატის დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების დროს შაკმა დირიჟორობა ითავა და, „ბოსტონ პოპსის” ორკესტრის დახმარებით, „ქუინის” ლეგენდარული კომპოზიცია – „უი არ ზი ჩემპიონს” შეასრულა.
2009 წელს ტელეარხ „ეიბისიზე” რეალითი-შოუს პრემიერა შედგა, რომელშიც შაკილ ონილი საუკეთესო ამერიკელ სპორტსმენებს უპირისპირდებოდა სახალისო შეჯიბრებებში. შაკის ოპონენტები იყვნენ: სუპერბოულის ორგზის გამარჯვებული ბენ როტლისბერგერი, ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში მაიკლ ფელპსი, სპრინტერი ტაისონ გაი, ოლიმპიური ჩემპიონები პლაჟის ფრენბურთში კერი უოლში და მისტი მეი-ტრინორი, მოკრივეები ოსკარ დე ლა ჰოია და შეინ მოზლი. ეთერში სულ ორი სეზონი გავიდა, თუმცა შაკმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა გამარჯვება – ჰოთ-დოგების ჭამაში NBA-ის ოდინდელ ვარსკვლავს, ჩარლზ ბარკლის აჯობა.
ამბორის გარდა, შაკილ ონილს სათამაშო მოედანზე ჩხუბიც ხშირად მოსვლია. შაკის შეტაკებები დენის როდმანთან, ბრედ მილერთან და ენდრიუ ბაინემთან დღემდე ახსოვთ მის ქომაგებს, თუმცა, ყველაზე მეტად მათ შაკის და ჩარლზ ბარკლის ჩხუბი დაამახსოვრდათ: 1999 წელს „ჰიუსტონ როკიტსისა” და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” მატჩის დროს ჩარლზმა შემთხვევით შაკს თავში გაარტყა ბურთი, რაზეც გოლიათის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. საბედნიეროდ, კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა და დღეს ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.
შაკილ ონილს რამდენიმე მხატვრულ ფილმში აქვს მიღებული მონაწილეობა და უმეტეს შემთხვევაში იგი მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინა. თუმცა ამ ფილმების დიდი ნაწილი იმდენად მდარე ხარისხისაა, რომ მათთვის „ბ” კატეგორიის მინიჭებაც კი რთულია. ამერიკელ კინოკრიტიკოსებს განსაკუთრებით ფილმი „ფოლადი” ეჯავრებათ, სადაც შაკილმა სუპერმენი განასახიერა, რომელიც ბოროტი ძალებისგან იცავს ქალაქსა და მის მცხოვრებლებს. გავლენიანი კინოსაიტის, „როტენ ტომატოს” ვერსიით, ამ ფილმის ნახვა ვნებს ადამიანის ნერვულ სისტემას.
ქარიზმატული შაკილ ონილი ყველაზე ცნობილი და წარმატებული რეპერია NBA-ის ვარსკვლავებს შორის. მის დისკოგრაფიაში 6 ალბომია: ხუთი სრული და ერთი – ზი ბესთ. მისი პირველი ალბომი "შაკ დიზელ", რომელიც 1992 წელს გამოვიდა, პლატინური გახდა, რითაც არა მარტო კალათბურთელები, არამედ ზოგიერთი პროფესიონალი მუსიკოსიც ვერ დაიკვეხნის. საინტერესოა, რომ ბავშვობაში შაკილ ონილი რეპერობაზე უფრო მეტს ოცნებობდა, ვიდრე კალათბურთის ვარსკვლავობაზე.