საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან გუშინ დეპარტამენტის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაცდომების გამო გაათავისუფლეს. ომბუდსმენის განმარტებით, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ილია ჭანტურაიამ კანონი უხეშად დაარღვია.
კონკრეტულად რა გახდა ჭანტურაიას გათავისუფლების მიზეზი, უკავშირდება თუ არა ეს 2016 წლის მარტის ბოლოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ავტომანქანის შეძენაზე გახმაურებულ ინფორმაციას, რეალურად ვისთვის შეიძინა 105 ათას ლარიანი "მერსედესი" უჩა ნანუაშვილმა, ვინ სარგებლობს ახლა ამ ავტომობილით, სად იმყოფება მისი პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და რატომ აპირებს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ეთიკის ქარტიაში ჩივილს, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.
ნანუაშვილის ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.
_ბატონო უჩა, გუშინ თქვენი აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია სამსახურიდან გათავისუფლდა. ჭანტურაიას საქმესთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" აქამდეც წერდა. ვიცით როგორც მისი, ასევე თქვენი პოზიცია, თუმცა, მკითხველს იქნებ კიდევ ერთხელ განუმარტოთ, რა გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი?
_როგორც მოგეხსენებათ, ილია ჭანტურაია არა მხოლოდ საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი იყო, არამედ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი. კომისიამ გამოავლინა და დაადასტურა მისი მხრიდან გადაცდომის ორი ფაქტი. პირველი ის, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით სხვა ადამიანების, სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია კანონის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ჩაიდინა კიდეც. საუბარია პატიმრის განცხადებებზე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების, ბიულეტენზე გასვლის, მივლინებების, შვებულებების მონაცემები მან გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. მაშინ, როდესაც ეს ადამიანი კონფიდენციალობის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი. რეალურად, მას უნდა დაეცვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შემოვიდოდა სახალხო დამცველის აპარატში. განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას პატიმართა განცხადებებზე, ისევე, როგორც თანამშრომელთა პერსონალურ ინფორმაციაზე. ეს ინფორმაციები ჭანტურაიამ არა თუ დაიცვა, არამედ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.
_შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რა არის ეს პირადი, კერძო ინტერესი და რა ინფორმაციები გავიდა ჭანტურაიას მეშვეობით აპარატიდან?
_საუბარია ერთ-ერთი ბრძანების ასლზე, რომელიც მას არ ჰქონდა კანონიერი გზით მოპოვებული. ანუ მას რომ სდომებოდა რაიმე დოკუმენტი უნდა მიემართა აპარატისთვის და ისე მიეღო. თუ რაიმე დოკუმენტი ჰქონდა მას, ეს არ შეეძლო გამოეყენებინა პირადი მიზნებისთვის. თუმცა, სწორედ პირადი მიზნებისთვის წარადინა მან სასამართლოში მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის იყო ერთ-ერთი პატიმრის კონფიდენციალობის შემცველი განცხადებაც. ასევე, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და ბიულეტენებზე გასვლის, შვებულებების შესახებ ინფორმაცია. ეს არის პერსონალური მონაცემები. ჩვენ გვაქვს ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, სადაც არის აღრიცხული თანამშრომლების შიდა დოკუმენტაცია. ეს პერსონალური ინფორმაციაა. მან ეს ყველაფერი დაშტრიხვის გარეშე გამოიყენა პირადი მიზნებისთვის. როგორც აღმოჩნდა არ ჰქონია გააზრებული დამოკიდებულება სამსახურებრივ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე. რომ არასამსახურებრივი მიზნებისთვის არ შეიძლება სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება. თუ გამოიყენებს ამასაც თავისი წესები აქვს, რაღაც უნდა დაიშტრიხოს, რაღაცის გაცემას ბრძანება სჭირდება და ა.შ. მას ეს პროცედურები არ გაუვლია. ამით ჭანტურაიამ ათასობით განმცხადებლის კონფიდენციალური ინფორმაცია საფრთხის ქვეშ დააყენა. მათ შორის პატიმრების ინფორმაციაც. ის ვერ აცნობიერებს რა პოზიციაზეც მუშაობს. მეორე დარღვევა რაც ჭანტურაიასთან მიმართებაში დაფიქსირდა იყო ის, რომ მან სახალხო დამცველის აპარატის ელექტრონული პროგრამიდან დარეგისტრირებული დოკუმენტის წაშლა დაავალა თანამშრომელს, რიტაც მან გარკვეული ინფორმაცია დამალა და რა თქმა უნდა, ესეც დარღვევაა ჩვენს ოფისში მოქმედი რეგულაციების. რაზეც არსებობს კომისიის დასკვნა და მტკიცებულებები. ამაზე საუბარია კომისიის დასკვნაშიც და კარგი იქნება თუ ის ამას გაასაჯაროებს.
_ეს იყო პირადი დაინტერესება ილია ჭანტურაიას მხრიდან, რომ მის თანამშრომელს ეს დოკუმენტი წაეშალა?
_ფაქტია, რომ ის იყო დაინტერესებული და მისმა ამ საქციელმა… მსგავსი ფაქტი არ მომხდარა არასოდეს, როდესაც განცხადება შემოდის მისი წაშლა არ ხდება. უნდა ხდებოდეს რეგისტრაცია, მაგრამ მან ეს დამალა, წაშალა ინფორმაცია. ეს განცხადება იყო საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე. ამ ყველაფერმა კი საბოლოოდ, აპარატის დისკრედიტაცია გამოიწვია. მით უმეტეს, რომ მანამდე მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა – გაფრთხილება იყო გამოყენებული, რომელსაც აქვს მოქმედების ერთწლიანი პერიოდი. ამ გაფრთხილების მოქმედების პერიოდში კი მისი მხრიდან იქნა კიდევ ერთი გაცილებით მძიმე დარღვევა ჩადენილი. ეს არის ძალიან უხეში დარღვევა საჯარო სამსახურის კანონისთვის, სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ეს ზომა, დავეთანხმე კომისიის დასკვნას, გამომდინარე იქედან, რომ ეს იყო ერთადერთი ადეკვატური, დარღვევის პროპორციული ზომა. სხვა გამოსავალი ჩვენ რეალურად არ გვქონდა ეფექტური ფუნქციონირებისათვის. საუბარი არ არის აქ რიგით თანამშრომელზე, საუბარია წამყვან ფიგურაზე, დეპარტამენტის უფროსზე, რომელიც გარდა იმისა, რომ არის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ხაზს ვუსვამ, ამასთანავე არის, პერსონალური მონაცემების დაცვასა და კონფიდენციალობაზე პასუხისმგებელიც. ვფიქრობ, ასეთი ადამიანის ადგილი საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს.
_ რამდენი ხანია რაც თქვენს ერთ–ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ჭანტურაია?
_ ეს დეპარტამენტი თუ არ ვცდები დაახლოებით 2 წელია შეიქმნა.
_ და აქამდე მსგავსი რამ მისი მხრიდან არ შეგინიშნავთ? თქვენ განაცხადეთ, რომ "ილია ჭანტურაიას მსგავსი პირები საჯარო სამსახურში არ უნდა იყვნენ".
_სამწუხაროა, რომ ჩვენ ამ დასკვნამდე მივედით. მე მისთვის მაქვს ასევე ზეპირი შენიშვნები მიცემული და მას ეს ერთ-ერთ მედიაგამოცემაში დადასტურებულიც აქვს. ასევე იყო რამდენჯერმე საუბარი კონკრეტულ ხარვეზებზე, ჩავარდნებზე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით. მას არაერთხელ მივეცით შესაძლებლობა, რომ გამოესწორებინა ეს პრობლემები. თუმცა, საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო პირველი დისციპლინური საქმისწარმოება მის წინააღმდეგ. გამოიკვეთა, რომ მას არ ჰქონდა თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული მთელი ორი წლის განმავლობაში და ეს გრძელდებოდა. არავინ არ არის დაინტერესებული, რომ თანამშრომლის მიმართ მაინცდამაინც დისციპლინური ღონისძიება დაიწყოს. ეს არის უკიდურესი ღონისძიება, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს. არაერთხელ მივეცით შანსი, თუმცა…
_ილია ჭანტურაია თქვენგან განსხვავებულ მოსაზრებებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ დაპირისპირება მის წინააღმდეგ თქვენს მოადგილესთან, ნათია კაციტაძესთან გამართული "მძიმე საუბრის" შემდეგ დაიწყო. დაპირისპირება დაიწყო იმის გამო, რომ ჭანტურაიას რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კონკრეტული მოსაზრებები, ისევე, როგორც ის ამბობს, აპარატის თანამშრომლების ნაწილსაც, რასაც თქვენ არ ეთანხმებოდით. ის თქვენ გადანაშაულებთ ერთპიროვნულ მმართველობაში, თანამშრომლების აზრის გაუთვალისწინებლობაში და ა.შ. ამაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?
_მას შეუძლია ძალიან კონკრეტულად თქვას, რადგან საუბრობს ზოგადი ფრაზებით, როცა რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებ ვეყრდნობი კონკრეტულს ფაქტებს. მანაც დაასახელოს კონკრეტული ფაქტი. რაც შეეხება "მძიმე საუბარს", რომელზეც მე მას შენიშვნა მივეცი იყო ის, რომ მან და მისმა დეპარტამენტმა კანონი დაარღვია – განცხადება, რომელიც შემოსული იყო ჩვენს ოფისში ცნეს დაუშვებლად, მაშინ, როდესაც ეს განცხადება უნდა მიგვეღო. სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია საქმისწარმოების წესები, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ჩვენთან შემოდის გადოს დაშვებადობის გარკვეულ ეტაპებს. ანუ არის განცხადებები, რომელიც ჩვენს მანდატს ცდება, აქედან გამომდინარე, ჩვენ განმცხადებელს ვუხსნით, რომ ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია.
_რა ცნო დაუშვებლად ჭანტურაიამ?
_საუბარია კონკრეტული მოქალაქის განცხადებაზე, თუმცა, ილია ჭანტურაიამ და მისმა დეპარტამენტმა მოქალაქეს უარი მისწერა არ ჯდება ჩვენს მანდატში და ვერ განვიხილავთო, თუმცა როდესაც ეს განცხადება ვნახეთ, მეორედ მოგვმართა ამ მოქალაქემ, ვნახეთ, რომ განცხადება ჯდებოდა ჩვენს მანდატში და ეს განცხადება უნდა შეგვესწავლა, მოქალაქეს უნდა დავხმარებოდით. ნათია კაციტაძე სწორედ ამას უხსნიდა ჭანტურაიას. მან როგორც ჩანს კარგად არ იცის ის პროცედურები, საქმისწარმოების წესები, რომელიც გაგვაჩნია. ამიტომაც ეს შედეგი მივიღეთ. ამაზე იყო მთელი ეს საუბარი. მესმის, რომ ადამიანი განაწყენებულია და რაღაცეებზე საუბრობს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ ყოფილა "მძიმე საუბარი" როგორც ის ამბობს, ეს იყო სამუშაო პროცესი, განვიხილეთ ამ განცხადების დასაშვებობა. როცა მოქალაქე გვიჩივის და ამბობს, რომ სახალხო დამცველის ოფისში შემოტანილი განცხადების განხილვაზე ჩვენ უარს ვამბობთ, მაშინ, როდესაც უნდა განგვეხილა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, მე მოვთხოვდი დეპარტამენტს პასუხს, რომელსაც ევალება ასეთი განცხადების განხილვა, დაშვებადობა და შემდეგ გადაწერა კონკრეტულ შემსრულებელზე. ნამდვილად დავინახე დარღვევა და საუბარი მძიმე იყო. მე ისიც წავიკითხე, რომ განსხვავებულ აზრს ვდევნი, პროფკავშირულ ორგანიზაციას და ა.შ. მაგრამ წარმოადგინოს კონკრეტული ფაქტი, ენას მართლა არა აქვს ძვალი, ყველაფერი შეიძლება ვთქვა, მაგრამ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ამის ფაქტები გვაქვს, მისგან რაიმე ფაქტი არ გვინახავს. 30 თუ 40 ადამიანია პროფკავშირის წევრი და ჰკითხეთ ვინმეს თუ მათ მიმართ განხორციელდა ან ხორციელდება ამის გამო რაიმე.
_ჭანტურაია ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემად ასახელებს თქვენი აპარატის მიერ ავტომანქანის შესყიდვის საკითხს. მისი თქმით, დაპირისპირებები აქედან დაიწყო.
_ თქვენ იცით როდის მოხდა ავტომანქანის შეძენა? _ 23 მარტს. მის მიმართ საქმისწარმოება კი 9 მარტს დაიწყო. მანამდე მას სიტყვიერი შენიშვნაც ჰქონდა ჩემს მიერ მიღებული მიმდინარე წლის დასაწყისში. საერთოდ, რა შეხება აქვს საქმისწარმოების დეპარტამენტს ნებისმიერ შესყიდვასთან, როდესაც ფინანსური დეპარტამენტი არსებობს და ის ახორციელებს ამას?!
_ის ამბობს, რომ პრობლემა შეიქმნა მაშინ, როდესაც რამდენიმე მედიასაშაუალებამ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია და ჭანტურაიამ გასცა ეს ინფორმაცია. თუმცა, ის ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ თქვენგან მიიღო დაშტრიხული სახით ინფორმაცია, რომელიც მედიასაშუალებებს გადასცა. იყო თუ არა ეს ასე?
_არა, ეს არ ყოფილა მის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების საფუძველი. პირველი იყო ის, რომ ჩვენთან შემოსული განცხადება წაშალა ჭანტურაიამ პროგრამიდან. ეს იყო სწორედ დარღვევა. რაც შეეხება ავტომანქანასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც მოთხოვნილი იყო, ის იყო გაცემულიც. მე აქ ვერ ვხედავ რომ… გარდა იმისა, რომ მან წაშალა ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც იყო ავტომობილთან დაკავშირებით მოთხოვნილი, წაშალა და შემდეგ დაარეგისტრირა განცხადება იგივე ნომრით, რაც იყო სწორედ დარღვევა. აქედან გამომდინარე, სტუდია მონიტორიდან ეს განცხადება ხელახლა უნდა დაერეგისტრირებინა და არა ისე, როგორც გააკეთა. ეს მოხდა სულ ახლახანს და რა შუაშია. დროსაც მოვაქციოთ ყურადღება. განცხადების საქმე იყო ივნისში, დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო მარტის დასაწყისში, რა შუაშია ეს ერთმანეთთან?! მანქანის თემა იყო შემდეგ, თუმცა მანამდე არაერთ საკითხზე მოუწია მას პასუხების გაცემა.
_თქვენ გამოაქვეყნეთ განცხადება, რომელიც ამ ავტომანქანის შესყიდვის დეტალებს ასახავს. თუმცა, მედიასაშუალებები და მათ შორის "გურია ნიუსიც" დადანაშაულებული ვართ იმაში, რომ მკითხველს "არასწორი", "შეცდომაში" შემყვანი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამ საკითხზე განმარტებები ვითხოვეთ, თუმცა დღემდე არ მიგვიღია პასუხი. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რაში გვადანაშულებთ?
_ჩვენ, ალბათ, ამ საკითხებზე ეთიკის საბჭოში მოგვიწევს საუბარი და გარჩევა იმ საკითხების, თუ რამდენად იყო დაცული სტანდარტები, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან, მათ შორის "გურია ნიუსის" მხრიდანაც იყო დარღვეული ეს სტანდარტი. ამაზე გვექნება შესაძლებლობა რომ გავარჩიოთ.
_ანუ აპირებთ ეთიკის ქარტიას მიმართოთ?
_რა თქმა უნდა. ვფიქრობთ, რომ ცალმხრივად იყო გაშუქებული. არ დაელოდეთ ჩვენი მოსაზრების მოსმენას…
_ბატონო უჩა, ალბათ, გესმით რას ნიშნავს საზოგადოებრივი ინტერესი. ინფორმაციის მიღებისთანავე დავუკაშირდით თქვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ვთხოვეთ პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, რადგან ის ვერ გვეუბნებოდა კონკრეტულ დროს, თუ როდის მოგვაწვდიდა პასუხს, სწორედ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გამოვაქვეყნეთ ილია ჭანტურაიას ინტერვიუ. აპარატიდან პასუხის მიღებისთანავე კი იგივე ადგილი დავუთმეთ თქვენს პოზიციასაც.
_რამდენიმე საათის მოცდა არაფერს წყვეტდა.
_ეს არ იყო რამდენიმე საათი. ის ვერ გვეუბნებოდა როდის მოგვაწვდიდა პასუხს.
_კარგით, მაგრამ მაინც არ იყო სწორად.
_ გასაგებია, მოვისმენთ თქვენს პოზიციას ეთიკის ქარტიაში… ავტომანქანის თემას რომ დავუბრუნდეთ. რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავტომანქანის შეძენა მოხდა თქვენი მოადგილისთვის, ნათია კაციტაძისთვის.
_ამაზე განცხადება გვაქვს გაკეთებული, სადაც ეს პროცედურებია გაწერილი. ეს არ იყო შესყიდვა არანაირად, ეს იყო ჩანაცვლება. მანამდე კიდევ ერთი ავტომანქანა ჩავანაცვლეთ ასე და ეს იყო მეორე. მაღალი გამავლობის ჯიპით ჩავანაცვლეთ სხვა მანქანა, რომელიც სპეციალური პროცედურებით განხორციელდა. როდესაც მოთხოვნა არის, რომ იმავე კლასის ან უფრო მაღალი კლასის მანქანით უნდა ჩანაცვლდეს, ეს არის პროცედურა, კანონი, რომელსაც დავეყრდენით. ეს იყო დაცული. მესმის, რომ ადამიანს სურს რაღაცნაირად საკუთარი არაკომპეტენტურობა და დარღვევები გადაფაროს გარკვეული თემებით, ეს ძალიან კარგად და ადამიანურად მესმის, მაგრამ უფრო მეტად ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. არის ამაზე განცხადება გაკეთებული.
_ როგორც თქვენს განცხადებაშია აღნიშნული, ავტომანქანა გადაცემულია თქვენი მოადგილის მძღოლზე…
_გადაცემული არ არის, მან მოიყვანა და რამდენიმე დღით იყო მის სახელზე. მანქანის განბაჟება, რეგისტრაცია რომ მომხდარიყო და გადმოფორმება. მან ეს პროცედურები გაიარა. ეს ადამიანი არის არა მხოლოდ ჩემი მოადგილის მძღოლი, არამედ, ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურე, რომელსაც ასევე სხვა მოვალეობების შესრულებაც შეუძლია.
_ახლაც ამ ადამიანის სახელზეა ეს ავტომანქანა?
_ეს იყო საჭიროებისთვის. მას ასე ვთქვათ, რამდენიმე მფლობელი ჰყავდა, გამომდინარე საჭიროებებიდან. როცა დასავლეთ საქართველოში მგზავრობის საჭიროება იყო იქაც იყო, ასევე, როცა ერთ-ერთი ავტომობილი გაფუჭდა, სხვა მძღოლს ჰყავდა. ეს არის ავტომანქანა, რომელიც ხან ერთ მძღოლს გადაეცემა ხან მეორეს.
_კონკრეტულად არ შეგიძლიათ გვითხრათ ვის სახელზეა ეს მანქანა?
_ახლა ჩემი მანქანა არის გაფუჭებული, ნაწილი აქვს დაზიანებული, გაჩერებულია და შესაბამისად, ჩემი მძღოლი სარგებლობს, გადაადგილდება. როცა ის მანქანა გარემონტდება, ასე ვთქვათ, ერთი კვირის განმავლობაში, ჩემი მანქანით ვისარგებლებ.
_ანუ, თქვენ სარგებლობთ ამ წუთისთვის ამ მანქანით.
_კი, ბატონო, დიახ.
_ამას დაწვრილებით იმიტომ გეკითხებით, თქვენს განცხადებაში არნიშნულია, რომ მანქანა გადაცემულია თქვენი მოადგილის მძღოლზე, თუმცა იმავე განცახდებაში ვკითხულობთ, რომ ავტომანქანა შეძენილია აპარატის თანამშრომლების საჭიროებისამებრ გამოსაყენებლად. ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ განმარტების შემდეგ, გვკითხა, სახალხო დამცველის მოადგილის მძღოლი აპარატის თანამშრომლებსაც რატომ ემსახურებაო.
_ვინ დასვა ეს კითხვა?
_საზოგადოება სვამს ამ კითხვას და ჟურნალისტებასაც გვაინტერესებს.
_ვიმეორებ, რომ ჩემი ავტომანქანა, რომელიც ემსახურებოდა ჩემს წინამორბედს და დღეს მე მემსახურება, ეს არის რამდენიმე წლის მანქანა, არ არის ახალი, "ვოლკსვაგენია", მიმდინარეობს მისი რემონტი, ერთ-ერთი ნაწილია გაფუჭებული. ამ პერიოდში ხდება ხოლმე სხვა მანქანის გამოყენება. ამ წუთში შეგიძლიათ შეამოწმოთ, ჩემი მძღოლის სახელზეა მანქანა და მე ვსარგებლობ.
_კიდევ ერთი საკითხი გვაინტერესებს. გვქონდა ინფორმაცია, რომ თქვენს პირველ მოადგილეს პაატა ბელთაძეს სამსახურიდან ათავისუფლებდით, თუმცა, ეს პროცესი ახლა შეჩერებულია. შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ჩემი მოადგილე არის ამჟამად შვებულებაში. ჩვეულებრივ ის აგრძელებს მუშაობას. ყოველ შემთხვევაში მის მიმსრთ არაფერი… ყოველ შემთხვევაში ის აგრძელებს მუშაობას. ადამიანი შვებულებაშია და შეგიძლიათ მასთან გადაამოწმოთ.
_გვქონდა ინფორმაცია რომ დაიბარეთ და უთხარით რომ საკუთარი ნებით დაეწერა განცხადება…
_რომ უსმენთ თქვენ ამ ჭორებს, უკაცრავად, მაგრამ ჩემგან იყო ეს დადასტურებული? გეუბნებით რომ შვებულებაშია.
_სადამდე აქვს კუთვნილი შვებულება შეგიძლიათ გვითხრათ?
_ეს უნდა მიმართოთ… მე არ მახსოვს. ჯერჯერობით არის, თვის ბოლომდე თუ სწორად მახსოვს.
_ანუ შვებულების შემდეგაც გააგრძელებს პაატა ბელთაძე თქვენთან მუშაობას?
_ჩვეულებრივ მუშაობს, არის შვებულებაში. დანარჩენზე მიმართეთ დეპარტამენტს.
ამავე თემაზე:
რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს
რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში
სახალხო დამცველი რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება