განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა კარგ სწავლას ეწინააღმდეგება:
_ ბუნებრივია არსებობენ ძალიან კარგი მასწავლებლები და მე დავინტერესდი როგორ ახერხებენ ისინი იმის მიღწევას, რომ მათ გაკვეთილებზე ბავშვები ყოველთვის მოტივირებულები და კმაყოფილები არიან და აღმოაჩინე, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი არღვევს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კარგ სწავლას _ იმას, რაც ბავშვებს უნდათ.
მაგალითად, წილადებზე 2 საათია გამოყოფილი. ვარიანტი არაა, შეუძლებელია რომ 2 საათში წილადი ისწავლო.
შესაძლოა სამი გენიოსი გამოერიოს, რომელიც მიხვდება პირველი საათის ბოლოს, მაგრამ იმასაც ვარჯიში სჭირდება ცოდნის გასამყარებლად. ორი საათი რომ გავა და ბავშვი გეუბნება, რომ ვერ გაიგო რა უნდა ქნათ? _ ან უნდა უთხრათ დაჯექი, ორიანი, ან უნდა დაარღვიო სასწავლო გეგმა _ მოპარო რაღაც საკითხს დრო და დაუთმო წილადებს. სამწუხაროდ, ჩვენ მოვახერხეთ და იმდენი რამე ჩავყარეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომ აღარ ვასწავლით, _ აღნიშნა განათლების მინისტრმა ჩოხატაურელ პედაგოგებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით განათლების სისტემაში ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა, მთავარი პრობლემა ორ ნაწილშია:
_ ერთს ჰქვია ეროვნული სასწავლო გეგმა და მეორეს მასწავლებლების შეფასების სქემა. თუ არ შემსუბუქდა ეროვნული სასწავლო გეგმა, გამოდის რომ, ჩვენ, თავიდანვე გადაწყვეტილი გაქვს ისეთი დრო მოგცეთ საკითხებზე, რომელშიც ვიცით რომ ვერ ასწავლით. ან მეორე ვარიანტში უნდა გითხრათ, რომ თუ გინდათ ასწავლოთ, მაშინ გეგმა დაარღვიე და მერე მოვა ბუა და შეგჭამს.
დიდი სურვილი მაქვს ეროვნული სასწავლო გეგმის განტვირთვის, საკითხების დაცოტავების. ეს რა რათქმაუნდა მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის _ თქვენთან, პარლამენტთა, ყველასთან მომიწევს მუშაობა და დარწმუნებული ვარ ამ პროცესში ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდება.
თუმცა, ვაპირებ დავამტკიცო, რომ ვერ ვასწავლით ამით და ვაპირებ, რომ პარლამენტარებს ჩავუტარო ორსაათიანი გაკვეთილი წილადებში და ერთი არ ჩაუბარებიათ წარმატებით!
მე მგონი, რომ ვერ ისწავლიან და მერე მიხვდებიან, რომ რაღაცაა შესაცვლელი, _ განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ეროვნული სასწავლო გეგმის შეცვლასთან ერთად მისი მიზანი „ბუას“ სცენიდან გაყვანაა:
_ ისე მოხდა, რომ სამინისტრო გადაიქცა მასწავლებლების არა მხარდამჭერ მეგობრად, არამედ ბუად, რომელიც პერიოდულად იმუქრებოდა.
მე ვცდილობ, ვმუშაობ, რომ ეს განწყობა შეიცვალოს. ჩვენ ფულს მასწავლებლებს ვუხდით იმისთვის, რომ ასწავლონ ბავშვებს და თუ შეაშინებ, დასტრესავ ის აღარ არის მასწავლებელი. მე პირობას გაძლევთ, რომ თქვენ სანამ მე აქ ვარ, უბატონოდ ხმას ვერავინ ვერ გაგცემთ _ ეს არის ჩემი ცენტრალური ამოცანა, _ მიმართა პედაგოგეგბს განათლების მინისტრმა.