საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ბელთაძე "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურად აცხადებს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო და განცხადება უკვე დაწერილი აქვს.
ვინ გახდება სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, სად აპირებს წასვლას და უკავშირდება თუ არა მისი პოსტიდან დატოვება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" პაატა ბელთაძეს ესაუბრა.
_ბატონო პაატა, თქვენი შვებულების ვადა დღეს ამოიწურა, გახვედით თუ არა სამსახურში სამუშაოდ?
_დიახ, შვებულება დღეს დამიმთავრდა და სამსახურში არ გავედი. წამოვედი პირადი განცხადების საფუძველზე.
_როდის დაწერეთ განცხადება?
_რა მნიშვნელობა აქვს? განცხადება დავწერე და წამოვედი. აღარ ვარ ამ სამსახურში.
_დაკმაყოფილებულია უკვე თქვენი განცხადება?
_კი, კი, უკვე დაკმაყოფილებულია.
_როდიდან არ ითვლებით სახალხო დამცველის მოადგილედ?
_დღეიდან მე აღარ ვითვლები სახალხო დამცველის პირველ მოადგილედ, ვინაიდან პირადი განცხადების საფუძველზე მივიღე ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება.
_ბატონო პაატა, კარგა ხნის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ თქვენ ამ თანამდებობას დატოვებდით, რაც გადავამოწმეთ კიდეც ბატონ უჩა ნანუაშვილთან, თუმცა მან ეს უარყო. უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას?
_ბატონმა უჩამ რა პასუხები გაგცათ არ ვიცი, მას უნდა დაუსვათ დამატებითი კითხვები. მის განსჯას და შეფასებას კონკრეტულ მომენტში არ ვაპირებ. მე მივიღე ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო მარტივი. ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. ვინაიდან, ინსტიტუტის მშენებლობაში დაწყებული დღიდან ჩემი მოსვლისა, მათ შორის უამრავი პროექტის ავტორი, ინიციატორი და განმახორციელებელი ვიყავი. თუმცა, არის ზოგჯერ სამსახურებრივი და შრომითი ურთიერთობის საკითხები და მომენტი, როდესაც ადამიანმა უნდა იფიქრო რა შეიძლება იყოს საუკეთესო გამოსავალი და გადაწყვეტილება. მე გადავწყვიტე რომ დამეტოვებინა აღნიშნული თანამდებობა. რატომ, რანაირად, რამ გამოიწვია და რა გარემოებები იყო, ამასთან დაკავშირებით დამატებით კიდევ ველოდები საკითხების გარკვევას და მექნება ვრცელი განცხადება. ოღონდ როდის, ამ ეტაპზე დაკონკრეტება არ შემიძლია.
_ჩვენ გვქონდა ინფორმაცია რომ ბატონმა უჩა ნანუაშვილმა თავად გთხოვათ ამ განცხადების დაწერა. გქონდათ თუ არა მსგავსი საუბარი ბატონ უჩასთან?
_ როდესაც მე უკვე ვახსენე რატომ მივიღე ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება სამსახურის დატოვების შესახებ, გარკვეულწილად უკავშირდება თქვენს ამჟამად დასმულ შეკითხვას. შესაბამისად, ამ კონკრეტულ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხისგან. თუმცა, გპირდებით თქვენც და საზოგადოებასაც, რომ ამასთან დაკავშირებით მექნება ვრცელი განცხადება. ყველა დაინტერესებული პირი ამის თაობაზე დაწვრილებით და დეტალურად შეიტყობს.
_გვაქვს ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის ამჟამინდელი მოადგილე ნათია კაციტაძე დაინიშნება თქვენს ადგილზე…
_მე როგორც ვიცი, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. სახალხო დამცველმა თანამშრომლებს ამცნო აღნიშნული ცვლილების თაობაზე. ქალბატონი ნათია კაციტაძე მოადგილეობიდან გახდება სახალხო დამცველის პირველი მოადგილე.
_სად აპირებთ წასვლას. ეს გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ?
_ამ ეტაპზე ძალიან მძიმე და დამღლელი სამუშაო პირობებიდან ე.წ. შვებულება მინდა ავიღო, დავისვენო და ამის შემდგომ უფრო აქტიურად შევუდგები ძიებას, სად როგორ და როდის გავაგრძელებ ჩემს პროფესიულ კარიერას.
_პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას თუ გეგმავთ?
_არ მაქვს ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული.
_შემოთავაზებები გაქვთ?
_არა, არა, დღეს გახდა ცნობილი, რომ მე არ ვარ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე,ბუნებრივია, 2-3 საათში რაიმე შემოთავაზებასაც ვერ მივიღებდი. სად წავალ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ აქტიურად ვიქნები ჩართული ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობაში.
_რამდენად არის მოსალოდნელი რომ ისევ პროფკავშირულ საქმიანობას დაუბრუნდეთ, რაც იყო თქვენი საქმიანობის სფერო, სანამ სახალხო დამცველის მოადგილე გახდებოდით…
_სად წავალ, ეს იქნება საჯარო სივრცე, საერთაშორისო ორგანიზაციები, თუ ა.შ. ამის თაობაზე ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია. დრო მჭირდება კარგად გავიაზრო, მომავალში სად შეიძლება ვიყო. თუმცა ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა რომ უფლებადაცვით საქმიანობაში ვიქნები.
ამავე თემაზე:
სახალხო დამცველის აპარატიდან დეპარტამენტის უფროსი გაათავისუფლეს
რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს
რას პასუხობენ თანამშრომლის ბრალდებებს სახალხო დამცველის ოფისში