საქართველოში ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მაგრამ შეიძლება დანამდვილებით ითქვა, რომ ეს დაავადება “გაახალგაზრდავდა” _ ბოლო წლებში ასაკობრივმა ზღვარმა 40-იდან 30-35 წლამდე დაიწია.
ჩოხატაურში მოიმატა ამ დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა და, შესაბამისად, გახშირდა ქალბატონებში ქირურგიული მანიპულაციების აუცილებლობა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საგანგაშო რეალობის საპირისპიროდ, მუნიციპალიტეტში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ დახვეწილი, აპრობირებული და კომპლექსური მეთოდების გამოყენება გააქტიურდა.
_ თანამოაზრეთა ჯგუფმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელის ზაალ მამალაძის უშუალო ჩართულობით, მივიღეთ მეტად საჭირო გადაწყვეტილება – პასიურობა ვერ შეცვლის რეალობას; საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება და მუხლჩაუხრელი შრომა ჩვენი ქალბატონების სამედიცინო კულტურის ასამაღლებლად. ეს კი გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას, რეგულარულ პროფილაქტიკურ გასინჯვებს, რაც ზრდის დაავადების ადრეულ ასაკში გამოვლენის ალბათობას. შესაბამისად, თავიდან ავიცილებთ დაგვიანებულ დიაგნოზს, ქირურგიულ ჩარევებს, რისკებს და გართულებებს.
ამ იდეამ, რამდენიმე თვეა განვლო საფეხურები, რომელიც დაუბრკოლებლად და წარმატებით გადაილახა ბატონების _ არჩილ ხომასურიძის, რემა ღვამიჩავას, ქალბატონი თინათინ ბერუჩაშვილის ჩართულობით და მხარდაჭერით, ლანჩხუთელი მეგობრების გამოცდილების გაზიარებით… იმედი მაქვს, ჩვენ ამ ადამიანების მხარდაჭერის შესახებ არაერთხელ ვუამბობთ საზოგადოებას. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ წარმატებებზეც: ჩატარდა ტრენინგი საგანმანათლებლო კუთხით; ჩამოყალიბდა “გამარჯვებულ ქალთა კლუბი”, რომელიც გააერთიანებს ქალბატონებს, რომლებსაც ბევრი რამ შეუძლიათ საკუთარ მაგალითზე ასწავლონ სხვებს და რომლებიც ერთად ამარცხებენ დაავადებას, _ ამბობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, წამოწყების ინიციატორი მაია პაიჭაძე.
კლუბი აქტიურად იმუშავებს საინტერესო პროექტებზე და ხელს შეუწყობს პროფილაქტიკური გამოკვლევების პოპულარიზაციას.
კლუბის საინფორმაციო პარტნიორია “გურია ნიუსი”, შეხვედრებისა და ტრენინგების ადგილი _ “ივლიტას ბიბლიოთეკა”.
პროფილაქტიკური გამოკვლევები და სამედიცინო პროგრამები უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ჩოხატაურის სამედიცინო დაწესებულების ბაზაზე, რომელიც დუმბაძის ქუჩის #22-ში, ძველი საავადმყოფოს შენობაში ფუნქციონირებს (აღმასრულებელი მენეჯერი _ თემურ კოროშინაძე, სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების უფროსი _ ზურაბ ყაჭეიშვილი).
სწორედ აქ, 28 ივლისს, 12 საათიდან 29 ივლისის 16 საათამდე, გახორციელდება სახელმწიფო ეროვნული სკრინინგ-ცენტრის ექიმთა ჯგუფის ვიზიტი მამომობილით (მამოგრაფია). პროგრამა მოიცავს, აგრეთვე, ექოსკოპიურ, გინეკოლოგიურ (პაპ-ტესტი) გამოკვლევებს. გამოკვლევა ჩაუტარდებათ მამაკაცებს PSA ტესტი პროსტატიტების დიაგნოსტირებისთვის (სისხლის ვენიდან აღება). გამოკვლევა უფასოა და ყველა მსურველს შეუძლია ჩაიტაროს გამოკვლევა, რათა თავიდან აიცილოს რისკი, რომელიც პირველ რიგში, დაგვიანების, არადროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ხდება საბედისწერო!