დღეიდან ექიმს შეუძლია რეცეპტები ელექტრონულად გასცეს. ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცხადებით, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მთლიანად ელექტრონულ სისტემაზე გადავა.
"სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება გადავა მთლიანად ელექტრონულ ჯანდაცვაზე, მისი პირველი სასწრაფო ეტაპი ახლა დაიწყება, ეს არის ელექტრონული რეცეპტი“.
როგორც სერგეენკო თავის განცხადებაში ამბობს, ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გამოვლინდა ტექნიკური ხარვეზები, რაც დღეისთვის გამოსწორებულია. სერგეენკომ ელექტრონული რეცეპტის უპირატესობაზე ისაუბრა.
„მისი უპირატესობა, პირველ რიგში, არის ის, რომ მოიხსნება ქაღალდის ტარების საჭიროება, რაც დიდი კომფორტია, რადგან პაციენტის ექიმთან ვიზიტისას, მხოლოდ თავისი სახელით, გვარითა და პირადი ნომრით ექიმს საშუალება ექნება, რომ გააქტიუროს მისი სრული დანიშნულება, ისტორია. რეცეპტი გამოიწერება ელექტრონულად და აფთიაქებს, რომლებიც ჩართულები იქნებიან ამ ქსელში, მაშინვე ექნებათ წვდომა. პაციენტი მიაწვდის მის პირად ნომერს და აფთიაქი გასცემს დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტს", _ განაცხადა სერგეენკომ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავიდან პროგრამაში გარკვეული სააფთიაქო ქსელები და ჯანმრთელობის ცენტრები ჩაერთვებიან, დროთა განმავლობაში კი პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს.