"დაავიწყდა, რომ ხალხს აზროვნების უნარი აქვს და ბატონი ვოლსკის ნათქვამზე ვერ შეიცვლება ჩვენი აზროვნება", _ ეხმიანება "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გია ვოლსკის დღევანდელ განცხადებებს და აცხადებს, რომ ვოლსკი ცდილობს, ”რესპუბლიკელებზე” წკიპურტებით გაამართლოს "ოცნებაში" "კოლექტიური ნაცმოძრაობის გადაბარება".
”ის ხალხი ყოველთვის იყვნენ და არიან მედროვეები. ვოლსკის უნდა, რომ ”რესპუბლიკელებზე” წკიპურტებით ეს გაამართლოს. მან თქვა, ერეკებოდნენ ”ნაციონალურ მოძრაობაშიო”. თუ ეს ხალხი ნახირია და ასე ერეკებიან, ასე, ალბათ, ახლა ”ოცნება” ერეკება თავის რიგებში. დაავიწყდა, რომ ხალხს აზროვნების უნარი აქვს და ბატონი ვოლსკის ნათქვამზე ვერ შეიცვლება ჩვენი აზროვნება.
ბერძენიშვილის თქმით, არც ვოლსკის და არც"ქართული ოცნების" რომელიმე წევრს "რესპუბლიკელთა" კრიტიკული დამოკიდებულება არ უნდა გაუკვირდეს.
" მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირია არ არის, არ უნდა გაუკვირდეს არც ვოლსკის, არც ”ქართული ოცნების” რომელიმე წარმომადგენელს, რომ ჩვენ კრიტიკულად ვართ განწყობილი. ახლა ლევან იზორიას ამდენს ტყუილს ვუპასუხეთ მხოლოდ იმით, რომ ამოვუღეთ დოკუმენტები, მაგრამ დადგება დრო და გავცემთ პასუხს. მართლაც ისე არ არის საქმე, რომ ვოლსკის ნათქვამს ვერ მოერიოს ”რესპუბლიკური პარტია”. არ არის ასეთი იოლი. შეიძლება, ქართველი ხალხის თვალში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ბატონი ვოლსკი, მაგრამ ჩემს თვალში იმდენით სარგებლობს, რამდენსაც იმსახურებს”, _ განაცხადა ბერძენიშვილმა.