საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მთავრობა წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯების განხორციელებას გეგმავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, 8 საბაგირო გზა შენდება ერთდოულად ამ მომენტში. მისი თქმით, მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა.
პრემიერის განცხადებით, ახალი საბაგიროები კეთდება ბაკურიანში, გუდაურში, თეთნულდზე, გოდერძის უღელტეხილზე.
"ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვა-პარკის მსგავსის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც.
ასევე დაწყებულია ბიატლონის ტრასის დაპროექტება ბაკურიანში და ამაზე ფრანგი ექსპერტები მუშაობენ", – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბაკურიანში ასევე იგეგმება ჰოკეის 1000- კაციანი დარბაზის აშენება და მოხდება ტრამპლინის აღდგენა.
"უცხოელი ექსპერტები გვეკითხებიან, ალბათ თქვენ ოლიმპიადისთვის ემზადებითო, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია კურორტის ასეთი ნახტომისებული განვითარება დაისახოს და განახორციელოს ქვეყანამ. ჩვენ ვეუბნებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის. შესაძლებელია ალბათ 8-10 წლის მერე ვიფიქროთ სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ბაკურიანში ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით", –განაცხადა კვირიკაშვილმა.