ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი დეპუტატის აკაკი ჩხაიძის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის უფროსი ვახტანგ გაჩეჩილაძე ხელისუფლებას და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ამომრჩევლის დაშინებაში ადანაშაულებს:
_ უკვე დაიწყეს ამომრჩეველთან მისვლა და დაშინებები, რომ თუ ხმას აკაკი ჩხაიძეს მისცემენ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, რომ ოჯახის წევრებს სამსახურიდან გაუშვებენ. „ქართული ოცნება“ ზუსტად იმ ხელწერით ცდილობს არჩევნების მოგებას, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და ზუსტად ანალოგიურ მეთოდებს იყენებს, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას ვახტანგ გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, მალე ხელთ ექნება კონკრეტული მტკიცებულებები, რომელსაც უწყებათშორისო კომისიას გადასცემს და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
გაჩეჩილაძის ბრალდებებს პასუხობენ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ჭკუასელის საარჩევნო შტაბში:
_ აღნიშნულ ბრალდებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ჯერ წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შემდეგ ვისაუბროთ. არ ვაპირებ ცრუ ბრალდებებზე პასუხის გაცემაში დრო დავკარგო, _ გვითხრა თემურ ჭკუასელის ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაალ მამალაძემ.