დღეს მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. უმრავლესობის წევრები ვარაუდობენ, რომ მოქმედი პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ვეღარ შეძლებს.
მოქმედი პარლამენტის დღის წესრიგით ერთ-ერთი მთავარი საკითხი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაა.
როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უკვე მეორედ წარუდგინა. თავდაპირველად გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები შესთავაზა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მათ მხარი არ დაუჭირა. პრეზიდენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მას აღნიშნულ თანამდებობაზე ხელმეორედაც თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიდატურები წარუდგინა.
პარლამენტი, რეგლამენტის თანახმად, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობას წყვეტს, თუმცა, ის უფლებამოსილია შეიკრიბოს და განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილებები მიიღოს.